ევროკომისიამ ევროზონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის 4,3%-დან 4,8%-მდე გაზარდა

ევროკომისიამ 2021-22 წლებისთვის ევროზონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი გააუჯობესა, მიზეზად კი, ქვეყნების მიერ კორონავირუსის პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა დაასახელა.

ევროკომისიის ახალი პროგნოზის თანახმად, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს 4,8%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 4,5 %-ით.

აღსანიშნავია, რომ მაისში ევროკომისიის პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს 4,3%-ით, ხოლო 2022 წელს 4,4%-ით უნდა გაზრდილიყო.

ამავე ანგარიშის თანახმად, ევროზონის ეკონომიკა კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, არადა წინა პროგნოზით ეს უნდა მომხდარიყო კიდევ ერთი კვარტლის შემდეგ.

ანგარიშში წერია, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ეფექტურმა ღონისძიებებმა და კარანტინის მოხსნა-შემსუბუქებამ გამოაცოცხლა მომსახურების სფერო, გაიზარდა კერძო მოხმარებისა და ტურიზმის აქტივობაც.

ანგარიშში წერია, რომ კერძო მოხმარება და ინვესტიციები გახდებიან მთავარი მამოძრავებელი ევროპის ეკონომიკის, ხოლო დასაქმება გაიზრდება ეკონომიკური ზრდის პარალელურად.

ამავე პროგნოზით, ევროზონაში ინფლაცია მიმდინარე წელს 1,9%, ხოლო მომავალ წელს 1,4% იქნება. მთლიანად ევროკავშირში კი ინფლაცია წელს - 2,2%, ხოლო 2022 წელს 1,6% იქნება.

რაც შეეხება ცალკეული ქვეყნების პროგნოზს, ანგარიშის თანახმად გერმანიაში წელს ეკონომიკა 3,6%-ით, ხოლო მომავალ წელს 4,6%-ით გაიზრდება. საფრანგეთში 6%-ით, ხოლო 2022-ში 4,2%-ით. იტალიაში წელს 5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, მომავალ წელს კი 4,2. ესპანეთში კი 6,2% და 6,3%-იანი ზრდაა ნავარაუდევი 2021-2022 წლებში.

კოკა კვირკველია