პარლამენტი დღეიდან 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. 8 ივლისს საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: COVID19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446,0 მლნ ლარით იზრდება; ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროსთვის.

ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცესი 8 ივლისიდან დაიწყება, ხოლო 15 ივლისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას გამართავს.

23 ივლისს ბიუჯეტში ცვლილებები, რიგგარეშე სხდომაზე, დასამტკიცებლად გავა.