,,შემოდგომაზე შეზღუდვების ახალი ტალღა თუ არ იქნება, წლის მეორე ნახევარში 2019 წლის მონაცემს გავუთანაბრდებით“ - „რითეილ გრუპ ჯორჯია“

,,2019 წელთან შედარებით მცირე კლება არის, მაგრამ ტენდენცია დამაიმედებელად მზარდია“- ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდ სიტუაციაზე.

,,მას შემდეგ, რაც მეორე ლოქდაუნი დასრულდა და გავიხსენით, მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ვაჭრობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე გასული წლის ზაფხულში. ამის შემდეგ მუდმივად ზრდის ტენდენციაა. შესადარებლად ბუნებრივია, რომ არ ვიყენებთ 2020 წლის მონაცემებს. 2019 წელთან შედარებით მცირე კლება არის, მაგრამ ტენდენცია დამაიმედებლად მზარდია.

შემოდგომაზე, შეზღუდვების ახალი ტალღა თუ არ იქნება, წლის მეორე ნახევარში 2019 წლის მონაცემს გავუთანაბრდებით. ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ეპიდ სიტუაცია ქვეყანაში. ჩვენ გასული წლის 4 თვე საერთოდ არ გვიმუშავია, დანარჩენი კი ვიმუშავეთ მკაცრი შეზღუდვებით, რომელიც აღარ უნდა დაბრუნდეს, რომ ბიზნესს ფეხზე დადგომის საშუალება მიეცეს“, - განაცხადა მაღალაშვილმა.

მისივე თქმით, ლოქდაუნის შემდეგაც, ონლაინ ვაჭრობა მზარდი დინამიკით ხასიათდება.

„ონლაინ გაყიდვები საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა, მაჩვენებლები უნდა შევადაროთ გასულ თვეებს, რადგან 2019 წელს ეს სერვისი არ გვქონდა. დინამიკა მზარდია და საკმაოდ კარგად მიდის. რა თქმა უნდა, წილობრივად ეს იმხელა პროცენტებში გამოხატული არ არის, რომ ჩვეულებრივი გაყიდვები ჩაანაცვლოს, ან ბაზარი შეცვალოს, თუმცა დინამიკა, როგორც ვთქვი, მზარდია“ - ამბობს მაღალაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

თამარ მუკბანიანი