ილონ მასკის გვირაბმთხრელი კომპანია Boring Company ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ-ლოდერდეილეში ცენტრიდან პლიაჟამდე მიწისქვეშა გვირაბის გათხრას აპირებს. კომპანიამ მერიაში განაცხადი უკვე შეიტანა, რის შესახებაც ინფორმაციას თავად მერი ავრცელებს.
„ეს შესაძლოა, მართლაც ინოვაციური საშუალება გახდეს ქალაქში საცობების შესამცირებლად,“ - დაწერა Tweeter-ის გვერდზე ფორტ-ლოდერდეილის მერმა, დინ ჯეი ტრანტალისმა. მისი თქმით, სხვა ფირმებს კონკურენტული წინადადებების წარსადგენად 45 დღე აქვთ.
სააგენტო Reuters-თან კონკურსის პირობებზე კომენტარი ჯერ არც მერიამ და არც მასკის კომპანიამ არ გააკეთა.
Reuters-ის ინფორმაციით, ივნისში Boring Company-მ თავისი კომერციული გვირაბის პირველი პროექტი ლას-ვეგასში გახსნა. გვირაბში დამთვალიერებლებს ქალაქის Convention Center-დან Tesla-ს ავტომანქანები ემსახურებიან. Boring Company-ში აცხადებენ, რომ გვირაბი 2,7 კმ სიგრძისაა და კამპუსის ტერიტორიის 45-წუთიან გადაკვეთას 2 წუთამდე ამცირებს.
ილონ მასკმა, რომელიც ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-სა და სარაკეტო SpaceX-ს ხელმძღვანელობს, Boring Company 2016 წელს დააარსა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან Tweeter-ზე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლოს-ანჯელესის საცობებს „ჭკუიდან გადაჰყავს".
„პირობას ვდებ, გამთხრელ მანქანას შევქმნი და უბრალოდ, თხრას დავიწყებ,“ - წერდა მაშინ მასკი.
თებერვალში მაიამის მერმა, ფრენსის სუარესმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ ქალაქში დაგეგმილ გვირაბს მასკი გათვალისწინებულზე მეტად იაფად გათხრის. თუ ადგილობრივი გვირაბის პროექტი მანამდე 1 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ილონ მასკის წინადადებით, მის რეალიზებას მხოლოდ 30 მლნ დოლარი და 6-თვიანი ვადა დასჭირდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ