საერთაშორისო რეიტინგი კარგია, მაგრამ შედეგის მისაღწევად არასაკმარისი

”ფორბსის” ახალმა რეიტინგმა ხელისუფლებას ინვესტიციების მოსაზიდად მეტი სტიმული მისცა.

მთავრობაში ფიქრობენ, რომ პოზიტიური ინფორმაცია პოტენციური ინვესტორებისთვის სასიკეთო სიგნალად იქცევა.

გავლენიანი ბიზნესგამოცემის კვლევის შედეგით კმაყოფილ ხელისუფლების წევრებს ექსპერტები ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს ახსენებენ. ”რეიტინგი ვჭამოთ?” - კითხვას სვამენ ისინი და მოუწოდებენ მთავრობას, თვითკმაყოფილების ნაცვლად პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე იზრუნონ. თუმცა, იქვე აღიარებენ, რომ რთული ეკონომიკური პროცესების ფონზე, საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი აშკარად მიმზიდველია.

რაც შეეხება უშუალოდ ”ფორბსის” რეიტინგს, ამ მხრივ საქართველოს რეიტინგი 10 კომპონენტიდან 6 მათგანში გაუმჯობესდა. კერძოდ, გავლენიანმა გამოცემამ ”საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის” დაასახელა და საქართველო 146 ქვეყანას შორის 47-ე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო რეგიონის მასშტაბით - პირველ ადგილზე. საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა შემდეგი კრიტერიუმებით: მონეტარული თავისუფლება (პოზიცია გაუმჯობესდა 50 ადგილით და 52-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად 102-ე ადგილისა), საკუთრების უფლება (პოზიცია გაუმჯობესდა 5 ადგილით და 105-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად 110-ე ადგილისა), ინოვაციები (გაუმჯობესდა 3 ადგილით და 105-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად 110-ე ადგილისა), ბიუროკრატია ( პოზიცია გაუმჯობესდა 3 ადგილით და მე-5 ადგილი დაიკავა, ნაცვლად მე-8 ადგილისა), კორუფცია ( გაუმჯობესდა 3 ადგილით და 46-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად 49-ე ადგილისა), პირადი თავისუფლება (გაუმჯობესდა 2 ადგილით და 67-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად 69-ე ადგილისა).

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია იმ ტიპის რეიტინგები, რომლებსაც ”ფორბსი” აქვეყნებს.

”ფორბსი” მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესგამოცემაა. რაც მთავარია, მისი მკითხველი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი აუდიტორია, განსაკუთრებით, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და ინვესტორები, რომელთა გადაწყვეტილებაზე ( თუ რომელ ქვეყანაში ჩადონ კაპიტალი) მოქმედებს პოზიტიური ინფორმაციები და იმ ტიპის რეიტინგები, რომლებსაც, მათ შორის, ”ფორბსი” აქვეყნებს. ვიმედოვნებ, მომავალი წელი საქართველოსთვის იქნება კიდევ უკეთესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც მოგეხსენებათ, 3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მოზიდული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტიცია, რომელიც მილიარდამდე ნიშნულს აღწევს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება მომავალ წელსაც”, - აცხადებს ჯანელიძე.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი რეიტინგი ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. შედეგის მისაღწევად მთავრობას პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მოუწევს. ეკონომიკის სფეროს ექსპერტი, თსუ-ს პროფესორი გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ სარეიტინგო მაჩვენებლის გაუმჯობესება მოკლევადიან პერიოდში შედეგს ვერ მოგვცემს. რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება პოტენციური შესაძლებლობაა, მოვიზიდოთ ინვესტორები და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გამოსწორდეს.

”წლების წინათ, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში იყო, რეიტინგების პასუხად სვამდა კითხვას: ”რეიტინგი ვჭამოთ?” მოსახლეობისთვის მთავარია, როგორი მაცივრით შეხვდება ახალ წელს. ბუნებრივია, ვისაც მაცივარი ცარიელი აქვს, იმ ადამინებისთვის რეიტინგს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. როგორც სააკაშვილის მმართველობის დროს შეუძლებელი იყო, რეიტინგს შედეგი უმოკლეს პერიოდში მოჰყოლოდა, ასეა დღესაც. გვჭირდება საკმაოდ გახსნილი ღია ეკონომიკა, რომელიც მოწოდებულია მოიზიდოს ინვესტორები, რომ შემდეგში ქვეყნის ეკონომიკაზე აისახოს. შედეგი იგრძნოს ხალხმა”, - აცხადებს ღაღანიძე.

მისი თქმით, საჭიროა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყანა მუდმივად მაღალ პოზიციაზე იყოს. ”საქართველოს ხელისუფლებამ სწორად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, რომ წამყვანი ქვეყნებისგან განსხვავებული სიგნალები არ მიიღოს. რეიტინგი სინამდვილეში არის პოტენციური შესაძლებლობა და მთავრობამ ეს ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. ხვალ რომ ალმასი აღმოაჩინონ ქვეყანაში, ზეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რადგან მას უნდა მოპოვება, დამუშავება და სამართლიანად განაწილება. რეიტინგში ცოტა უკეთესი პოზიცია კარგია და მუდმივად უნდა ვიყოთ ორიენტირებული, კარგი მაჩვენებელი გვქონდეს”, - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ინვესტორებზე მეტად, რეიტინგი მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომელმაც სარეიტინგო პოზიციიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები. გამოავლინოს სუსტი წერტილები, მოახდინოს პრიორიტეტების გადახედვა და სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ იხელმძღვანელოს მთავრობამ დროის გარკვეულ პერიოდში.

”ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რეიტინგს რეალური პოზიტივი ნაკლებად მოქვს. ინვესტორები კი მას ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ საბოლოოდ სიტუაციას მაინც კონკრეტული ხედვით აფასებენ. კარგად გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ დასდევდა რეიტინგებს და ამისთვის მაქსიმუმს აკეთებდა. რეალურად კი ასეთ ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია და ქვეყნისთვის რადიკალურად არაფერი შცვლილა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდები. რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება სასიამოვნოა ფსიქოლოგიურად, მაგრამ შედეგის მისაღწევად მეტია საჭირო. კარგად მახსოვს ”ფორბსის” თუ სხვა გამოცემების მიმართ ჩვენი მთავრობის წევრების დამოკიდებულებაც, როცა ისინი ოპოზიციაში იყვნენ. კითხვების დასმას შეგნებულად მოვერიდები, ამ შემთხვევაში რიტორიკა ზედმეტია. პოლიტიკოსებმა ხელის გაშვერა კარგად ისწავლეს, მაგრამ რელურად ვერ ვხედავ სისტემურ ნაბიჯს, რომელიც ინვესტორებს ჯანსაღ გარემოს შეუქმნის. ჯერჯერობით ეს არ ჩანს, თუმცა უკეთესობა არის”, - აცხადებს ხუხაშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”