ანდრია გვიდიანი - ISFED-მა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების შესახებ კვლევას უნდა გადახედოს

ISFED-მა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების შესახებ კვლევას უნდა გადახედოს, - ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს „რიონის ხეობის მცველების" დისკრედიტაციაში ამხელდა თუმცა, გვიდიანის თქმით, „რიონის ხეობის მცველების“ და ულტრანიციონალისტური ​ჯგუფების ჰომოფობიის ირგვლივ გაერთიანებამ, მათი იდეური მოკავშირეობა დაადასტურა.

„რიონის ხეობის მცველების" მიერ ე.წ. პრაიდის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ღია მხარდაჭერამ, ბევრ ბუნდოვან კითხვას ნათელი პასუხები გასცა. პირადად გამიმყარდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ "რიონის ხეობის მცველები" შექმნილია პოლიტიკური მოტივებით. სინამდვილეში ამ ორგანიზაციას არანაირი კავშირი არ აქვს არც გარემოს და არც რიონის ხეობის დაცვასთან. მხედველობაში მაქვს ის, რომ აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა შეიძლება აკავშირებდეს, თითქოს გარემოზე ზრუნვის იდეით შექმნილ ორგანიზაციას, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ აქციასთან“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე თქმით, ISFED-მა საკუთარ კვლევაში ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს „ქართული იდეის" ულტრანაციონალისტური ჯგუფი "რიონის ხეობის მცველების" დისკრედიტაციას ეწეოდა, დღეს კი, ამ ჯგუფების კავშირი უკვე ნათელია.

„ვფიქრობ, რომ ISFED-მა საკუთარ კვლევას უნდა გადახედოს. შესაბამისად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის რისკების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის მიერ მოხდეს საკუთარი კვლევის განახლება და შინაარსობრივად მცდარი ინფორმაციის ცვლილება", - აღნიშნა გვიდიანმა.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 21 ივნისს სოციალური ქსელის მონიტორინგის ამსახველი მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის ფოკუსშიც ფალავანდიშვილების პარტია “ქართული იდეა” მოექცა. კვლევის თანახმად, აღნიშნული პარტია ეწევა მადისკრედიტებელ კამპანიებს, მათ შორის „რიონის ხეობის მცველების“ წინააღმდეგაც.