ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეირჩეს ადამიანები, ვინც გერმანიაში დასაქმდება, ეს ისეთი ტიპის სამუშაოა, რაც მიწასთან მუშაობის გამოცდილებას მოითხოვს

პირველი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორად შეირჩეს ადამიანები, ვინც გაემგზავრება გერმანიაში. ეს არის ისეთი ტიპის სამუშაო, რომელიც გარკვეული სახის სოფლის მეურნეობის, მიწასთან მუშაობის გამოცდილებას მოითხოვს და თუ ეს გამოცდილება არ გაქვს, ან ნაკლები გაქვს, ბუნებრივია, მოლოდინი განსხვავდება რეალობისგან, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობების მონიტორინგი ხორციელდება და სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია თითოეულ მოქალაქესთან.

"ამ ეტაპზე გერმანიაში დაახლოებით საქართველოს 120 მოქალაქეა დასაქმებული, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დამსაქმებელთან. ერთ კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა ერთ კონკრეტულ დამსაქმებელთან დაკავშირებული პრობლემები, ეს იყო ინფრასტრუქტურული და ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ჩვენ მყისიერად შევატყობინეთ გერმანიის შესაბამის უწყებებს. მათ მიერ მოხდა შესაბამისი რეაგირება და ისინი გადაყვანილია სხვა დამსაქმებელთან, თუმცა ამ ჯგუფის გარკვეულმა ნაწილმა მაინც გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. გერმანიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობების მონიტორინგი ხორციელდება არამხოლოდ გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ, არამედ გერმანიის პროფკავშირების მიერაც, რომელიც პასუხისმგებელი არიან დასაქმებულების უფლებებზე. ჩვენც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ თითოეულ მოქალაქესთან, რომელიც ამ ეტაპზე გერმანიაში მუშაობს. ერთი ჯგუფი, რომელიც პირველად იყო წასული, დაბრუნდა უკვე და ჩვენი ინფორმაციით, ისინი კმაყოფილები არიან როგორც პირობებით, ასევე ანაზღაურებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გამოცდილება, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მივიღეთ, გამოვიყენოთ სამომავლოდ ორიენტაციის პერიოდში ვინაიდან პირველი და მნიშვნელოვანი არის, ის რომ სწორად შეირჩეს ადამიანები, ვინც გაემგზავრება გერმანიაში. ეს არის ისეთი ტიპის სამუშაო, რომელიც გარკვეული სახის სოფლის მეურნეობის, მიწასთან მუშაობის გამოცდილებას მოითხოვს და თუ ეს გამოცდილება არ გაქვს, ან ნაკლები გაქვს, ბუნებრივია, მოლოდინი განსხვავდება რეალობისგან. ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ შესაბამისად, როგორც ჩვენ ასევე გერმანიის მხარე ორიენტაციის პერიოდში, ანუ წინა შერჩევის პერიოდში ამ გამოცდილებას გამოიყენებს, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ ეს პრობლემები", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ გერმანიის გარდა, საქართველოს დასაქმების მიმართულებით სხვა ქვეყნებთანაც აქვს მოლაპარაკებები.