აფრიკულ ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მესამე ალმასი მოიპოვეს

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მესამე ალმასი მოიპოვეს. მისი წონა 1 174 კარატია. თავისი ზომით ალმასი 1905 წელს, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ 3 106-კარატიან „ქულინანსა“ და 2019 წელს, ბოტსვანას იმავე შახტაში ნაპოვნ 1 758- კარატიან „სეველოს“ ჩამორჩება.

უნიკალური ალმასი ჯერ კიდევ 12 ივნისს, კანადურმა კომპანია Lucara Diamond-მა აღმოაჩინა, რომელსაც აღნიშნული შახტა ეკუთვნის. თუმცა ბოტსვანას ხელისუფლებამ ოფიციალური პრეზენტაცია მხოლოდ ახლა გამართა.

„ეს ისტორიული აღმოჩენაა როგორც ჩვენთვის, ისე ბოტსვანასთვის,“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ნასიმ ლაჰრი.

ახალი ალმასი 1-ელ ივნისს, ბოტსვანური კომპანია Debswana-ს მიერ აღმოჩენილ 1 098-კარატიან ალმასზე ოდნავ დიდია.

ბოტსვანა ალმასების წარმოების უმსხვილესი აფრიკული ქვეყანაა და მსოფლიოში რუსეთის შემდეგ, რიგით მეორეა. 2019 წელს ბოტსვანაში სულ 23,6 მლნ კარატის ალმასი მოიპოვეს, რომლის ჯამური ღირებულება 3,43 მლრდ დოლარია. ქვეყნის დედაქალაქი გაბონე ალმასის მსოფლიო ცენტრებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობს.

კოკა კვირკველია