რუისი-აგარას მონაკვეთზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

რუისი-აგარას 3 კმ-იანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობის ბოლო ეტაპი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა.

არქეოლოგიური ობიექტების აღმოჩენის გამო, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, სხვადასხვა დროს, ორჯერ შეჩერდა. ისტორიული ნიმუშების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, გზის მშენებლობა მხოლოდ სპეციალისტების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად შემუშავებული დასკვნის საფუძველზე გაგრძელდა. მაგისტრალის ამ მონაკვეთზე ამჟამად უკვე დასრულებულია ბეტონის საფარის, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მიმართულებაზე უახლოეს დღეებში გადაერთვება.

რუისი-აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე, საერთო ჯამში, 19 კილომეტრია. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივია, ძირითადად - მიმდებარე სოფლების მცხოვრები.

პროექტით, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობა, 5 გზაგამტარისა და 3 სახიდე გადასასვლელის აშენებაა გათვალისწინებული. შედეგად, საგზაო ქსელი იქნება მოდერნიზებული და თანამედროვე სტანდარტებს გაუთანაბრდება. გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე. E 60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარას 5 კმ-იანი მონაკვეთი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა. დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მშენებლობა 2015 წელს დასრულდება.