თბილისში ბინების გაყიდვები 86.5%-ით გაიზარდა

TBC Capital-მა უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისში ჯამში 16 000 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86.5%-ით მეტია. ეს ბუნებრივია, რადგან გასული წლის პირველ ნახევარში ქვეყანა, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო. განსხვავებული სურათია 2019 წელთან შედარებით, კერძოდ, მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისში ბინების გაყიდვები 2019 წელთან შედარებით 8%-ით არის შემცირებული.

გაყიდვების მხრივ, ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე გაიყიდა, კერძოდ, 3000 ბინამდე, რომელთაგან ყველაზე მეტი ახალაშენებულია. საბურთალოს შემდეგ მოდის დიდი დიღომი, სადაც 2500 ზე მეტი ბინა გაიყიდა, აქაც გაყიდული ბინების უმეტესობა ახალაშენებულია. გაყიდვების სიდიდით მესამე ადგილზეა გლდანი, შემდეგ მოდის სამგორი, ისანი, ნაძალადევი, დიდუბე, ვაკე, კრწანისი, ჩუღურეთი და ბოლოს მთაწმინდა, სადაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბინების ყველაზე მცირე რაოდენობაა გაყიდული.

რაც შეეხება ფასებს: ყველაზე მაღალი ფასი კვადრატულ მეტრზე მთაწმინდაზე ფიქსირდება, კერძოდ, დაახლოებით 1200 აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი სამგორშია, კერძოდ, კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 600 აშშ დოლარი.

ნოდარ სირბილაძე