Lufthansa-მ ობლიგაციების გაყიდვით 1 მლრდ ევრო მიიზიდა

გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa-მ გუშინ, კორპორატიული ობლიგაციების გაყიდვით, 1 მლრდ ევრო (1,2 მლრდ დოლარი) მიიზიდა, რაც კოვიდპანდემიის დროინდელი სახელმწიფო დახმარების შემდეგ, მის ფინანსურ მდგომარეობას აძლიერებს.

ტურისტული კრიზისით მძიმედ დაზარალებულმა Lufthansa-მ ობლიგაციები ჯერ კიდევ თებერვალში გამოუშვა, რათა სახელმწიფო კრედიტორის, KfW-ის 9 მლრდ ევროს შარშანდელი დახმარების ნაწილი დაეფარა.

„კორპორატიული ობლიგაციების განმეორებითი და წარმატებული განთავსება დაფინანსების სხვადასხვა მომგებიან ინსტრუმენტზე ჩვენს ხელმისაწვდომობას კვლავ ადასტურებს,” - აცხადებს ფინანსური დირექტორი რემკო სტინბერგენი.

ავიკომპანიამ 3 რვაწლიანი ობლიგაცია გამოუშვა, რითიც რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანიის შემდეგ ვალის ბაზარზე გავიდა.

Lufthansa-ს მონაცემებით, 2024 წლამდე ვადის ტრანში წლიურ 2.0%-ს გულისხმობს, ხოლო 2029 წლამდე დასაფარი ტრანში წელიწადში 3.5%-იანია. მემორანდუმის თანახმად, მოკლევადიან ტრანშზე მოთხოვნა 900 მლნ ევროზე მეტი იყო, შედარებით გრძელვადანზე კი - 1 მლრდ ევრო.

Lufthansa-ს პარტნიორებს შორის, წელს ობლიგაციები Air France-KLM-მა, easyJet-მა, British Airways-მა და Ryanair-მაც გაყიდეს, რადგან ვაქცინაციამ ტურისტული სექტორისთვის უფრო ნათელი ეკონომიკური პერსპექტივა გააჩინა.

Lufthansa მიღებულ შემოსავალს ლიკვიდურობის გასაძლიერებლად გამოიყენებს. ტრანზაქციებს Citi, Credit Suisse, HSBC და ING მართავდნენ.

გუშინ ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ აქციების გაყიდვისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა ოდენობასა და ვადებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ