Samsung აშშ-ში ელექტრომობილებისთვის ბატარეების ქარხანას ააშენებს

სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung SDI-მა ავტოინდუსტრიის ელექტროფიკაციის მიზნით აშშ-ში შესაძლოა, აკუმულატორული ბატარეების მწარმოებელი ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters კომპანიის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

Samsung SDI, რომელიც Samsung Electronics-ის შვილობილი კომპანიაა, ავტომწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავს, მათ შორის Stellantis-თან, Amazon-თან და Ford Motor-ის ელექტრომობილურ სტარტაპ Rivian-თან. ისინი აკუმულატორული ბატარეების მიწოდებაში Samsung SDI-ის პირველი მომხმარებლები იქნებიან აშშ-ში.

მაგალითად, Stellantis-ისთვის აკუმულატორების მიწოდებაში კომპანია, სულ ცოტა, 3 ტრლნ ვონის (2,62 მლრდ დოლარის) ინვესტირებას განიხილავს, Rivian-ის აკუმულატორებისთვის კი - მინიმუმ, 1 ტრლნ ვონის (870 მლნ დოლარის).

Samsung SDI-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, აშშ-ში დამოუკიდებლად ააშენებს ქარხანას თუ ავტომწარმოებლებთან ერთობლივ საწარმოს შექმნის. კომპანია კლიენტებთან მოლაპარაკებების დეტალებს ჯერ არ ასაჯაროვებს.

Samsung SDI-ს აკუმულატორული ბატარეების მწარმოებელი ქარხნები ჩინეთსა და უნგრეთში აქვს, რომლებიც პროდუქციით ისეთ კლიენტებს ამარაგებენ, როგორიცაა BMW, Ford, Volvo და Volkswagen. კომპანიის შიდა კონკურენტები LG Energy Solution და SK Innovation არიან, რომლებმაც, ასევე, აშშ-ში ელექტრომობილების ბატარეების წარმოება თავ-თავიანთ გეგმებში ჩასვეს.

Stellantis იანვარში, იტალია-ამერიკულ ჯგუფ Fiat Chrysler-ისა და ფრანგული PSA-ს შერწყმით შეიქმნა. ავტომწარმოებელს საფრანგეთსა და გერმანიაში აკუმულატორული ბატარეების წარმოების პროექტი აქვს, რასაც შვილობილ კომპანია TotalEnergies-თან ერთად გეგმავს. კომპანია ამ მხრივ ხელშეკრულების დასრულების ბოლო ეტაპზეა იტალიაშიც. Stellantis-ში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ევროპაში დამატებითი ქარხნების გახსნაზე გადაწყვეტილებას წელს მიიღებენ.

თავის მხრივ, Rivian-მა, რომელიც Ford Motor-ის ელექტრომობილების სტარტაპია, ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ მის ავტომანქანებს აკუმულატორული ბატარეებით Samsung SDI მოამარაგებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ