რუსები აფხაზეთში დასასვენებლად ვეღარ ჩადიან - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

რუსები კრასნოდარის რეგიონში გამკაცრებული შეზღუდვების გამო, თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ვერ ჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ თავად აფხაზ სეპარატისტებს ახალი შეზღუდვები არ შემოუღიათ, იქ ჩასვლას რუსები ვერ ახერხებენ. ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს.

კომპანია Dolphin-ის გენერალური დირექტორი, სერგეი რომაშკინი შიშობს, რომ შეზღუდვების ტალღა, რომელიც რუსეთის რეგიონებში, მათ შორის მეზობელ კრასნოდარის მხარეში მძვინვარებს, აფხაზეთამდეც მიაღწევს და შესვლის წესებს სოხუმიც გაართულებს.

იგივეს აცხადებენ კომპანია Intourist-შიც, რომ აფხაზეთში ჩასვლის მოთხოვნა მცირდება. Intourist-ში მიიჩნევენ, რომ მართალია, სეზონი ჯერ ისე ჩამონგრეული არაა, როგორც ეს დღეს კრასნოდარის მხარეში ხდება, მაგრამ „საგრძნობია, რომ აფხაზეთის მიმართულებით მოთხოვნა ნელ-ნელა ქრება.“

„დიახ, ტურისტებს ეშინიათ შეზღუდვების დაწესების აფხაზეთშიც. ასევე, უარყოფითად მოქმედებს უამინდობაც. გასულ დღეებში Интер-Сухум-ის სასტუმროს ქარმა სახურავი ახადა,“ - აცხადებენ Intourist-ში.

სერგეი რომაშკინის მონაცემებით, აფხაზეთზე მოთხოვნა, გასული წლის ივლისთან შედარებით, 15%-ით შემცირდა. საუბარია მიმდინარე გაყიდვების აქტივობის შემცირებასა და უკვე შეძენილი ტურების გაუქმებაზე.

ივნისში დაბალი მოთხოვნა კომპანია TUI-რუსეთმაც დააფიქსირა.

რუსებზე სეპარატისტულ რეგიონში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაც მოქმედებს. ივნისში ე.წ. Самшитовая роща-ს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები დახვრიტეს, რაც სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში რუსებისთვის ყველაზე განხილვადი თემა გახდა. აფხაზი დიმიტრი პილია ჯერ რუს ქალებს აეკიდა, ხოლო შელაპარაკების შემდეგ მათი თანამგზავრები პისტოლეტის მჭიდის დაცლით დახვრიტა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ