კანადა არავაქცინირებულ უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში არ შეუშვებს

უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, კანადაში შესვლის უფლება გარკვეული დროის განმავლობაში არ ექნებათ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კითხვაზე, როდის შეუშვებენ არავაქცინირებულ ტურისტებს ქვეყანაში, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ „ეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდება.“

მისი თქმით, არ სურს, საფრთხე დაემუქროს იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია.

კანადამ, მიმდინარე კვირიდან, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის კარანტინის ვალდებულება გააუქმა, მაგრამ უცხოელებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე არააუცილებელი მოგზაურობა ჯერჯერობით ნებადართული არ არის.

ბოლო მონაცემებით, კანადაში 12 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების 78% -ს კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიღებული აქვს, სრულად ვაქცინირებული კი ამ ასაკობრივი ჯგუფში შემავალი მოსახლეობის 44%-ია.