ოკუპირებულ აფხაზეთში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 12 ივლისიდან ე.წ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეჩერდება, - „სპუტნიკ-აფხაზიას“ ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ე.წ. კულტურის მინისტრმა გუდისა აგრბამ ხელი უკვე მოაწერა.

დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს.

12 ივლისიდან მუშაობას შეაჩერებენ თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და ანსამბლები.

მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას პანდემიის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების შესახებ, რომლის თანახმადაც 5 ივლისიდან აფხაზეთში აიკრძალა საქორწილო, საზეიმო, სადღესასწაულო და სხვა მასობრივი ღონისძიებები და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან აფხაზეთში კორონავირუსით 18 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 257 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.