ევროკავშირი ბრიტანეთისგან ბრექსიტის გამო 47,5 მლრდ ევროს მოითხოვს

ევროკავშირში აცხადებენ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის გამო ბრიუსელს, დაახლოებით 47,5 მლრდ ევრო უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ევროკავშირის კონსოლიდირებული ბიუჯეტის წინასწარ ანგარიშში წერია, რასაც ირლანდიური ტელეარხი RTE ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირისთვის თანხის გადახდას გაერთიანებულ სამეფოს შეთანხმების რამდენიმე მუხლი ავალდებულებს. 2017 წლის დეკემბერში ლონდონმა და ბრიუსელმა მიაღწიეს კომპრომისს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 35-39 მლრდ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიდა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ფინანსური მოთხოვნები იმაზე მეტად მაღალია, რასაც თავიდან ვარაუდობდნენ.

საუბარია ბრექსიტის შეთანხმების 140-ე და 143-ე მუხლების იმპლემენტაციაზე, რომლის მიხედვითაც ლონდონი ვალდებულია, დაუბრუნოს ევროკავშირს თანხის ნაწილი, რომელიც მას ბიუჯეტიდან საერთო პროექტებისთვის გამოეყო, მაგრამ 2020 წლის 31 დეკემბრისთვის სრულად არ აუთვისებია.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წლის 1-ელ თებერვალს დატოვა.

კოკა კვირკველია