ნიუ-იორკში კიბერუსაფრთხოების შტაბი გაიხსნა

ნიუ-იორკში კიბერ-უსაფრთხოების შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას The Wall Street Journal ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული სტრუქტურის შექმნა ჯერ კიდევ 2017 წელს გადაწყდა. მაშინ ნიუ-იორკის ხელისუფლება შიშობდა, რომ ბოროტმოქმედებს ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში შეღწევა და მსოფლიოს უდიდესი მეგაპოლისისთვის სერიოზული პრობლემის შექმნა შეეძლოთ.

კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება 2019 წლიდან ონლაინ რეჟიმში მუშაობდა, ახლა კი მანჰეტენზე სათავო ოფისმა დაიწყო ფუქნციონირება. ოპერატიული შტაბის თანამშრომლები კიბერსაფრთხეებს რეალურ დროში დააკვირდებიან. პროექტში ქალაქის სხვადასხვა უწყება და კერძო კომპანიები ჩაერთვებიან. მთლიანობაში შტაბში 280-ზე მეტი უწყებისა და კომპანიის მონაცემები მოიყრის თავს.

The Wall Street Journal-ის შეფასებით, ნიუ-იორკი გახდა პირველი ქალაქი, რომელსაც საკუთარი კიბერუსაფრთხოების შტაბი აქვს.

კოკა კვირკველია