„საბავშვო ბაღებში გამოცხადებულ ტენდერებშიც კი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს ყიდულობენ“ - „მომავლის ფერმერი" ნედლი რძის ბაზარზე

,,ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, სადაც კი ტენდერი ტარდება, სახელმწიფო ყიდულობს ფხვნილისგან დამზადებულ რძეს“- ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუთან“ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი საქართველოში ნედლი რძის ბაზრის შეფასებისას აცხადებს.

რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო არ ახალისებს ნედლი რძის მწარმოებელ ფერმერებს.

,,წლების განმავლობაში, ბიზნესი ითხოვს, სტიმულს რძის მწარმოებლებისთვის და ამ კუთხით ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა. ავიღოთ, გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც როგორც ბიზნესი, ბუნებრივად ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს და იყენებს ფხვნილს, როგორც იაფ ნედლეულს. ასევე ეს დაავადებების კონტროლთან მიმართებით ნაკლები თავის ტკივილია. ყველა ფაქტორით, რა თქმა უნდა, არჩევანს აკეთებენ რძის ფხვნილზე, მით უფრო, როცა ნედლ რძეზე დამოკიდებულება, სახელმწიფოს მხრიდან, წახალისებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ 10-წლიან პროგრამაშიც გაწერეს, ნედლი რძის წილის ზრდა, ბოლო დროს ამისთვის არაფერი გაკეთებულა. პირიქით, საბავშვო ბაღებში გამოცხადებულ ტენდერებშიც კი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს ყიდულობენ. რაღაზეა საუბარი? ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ რაღაც სტრუქტურებზე. საბავშვო ბაღებზეა საუბარი. აქვე, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, სადაც კი, ტენდერი ტარდება სახელმწიფო ყიდულობს ფხვნილისგან დამზადებულ რძეს. შედეგად, ბოლო პერიოდში, სახელმწიფომ 10 მლნ ლარის რძის ფხვნილით დამზადებული რძე შეიძინა. მაშინ როცა, ამ მხრივ, მსოფლიო პრაქტიკა, სხვაგვარია და სახელმწიფო შესყიდვებში აქცენტი სწორედ ნედლი რძის შესყიდვაზეა გაკეთებული“,- აცხადებს გიგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი