კონკურენციის სააგენტომ სათარჯიმნო სექტორში შესაძლო დარღვევებზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარი დასაშვებად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა - კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და მოამზადოს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი. საკითხი შეეხება - სათარჯიმნო სექტორში,„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება), მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) და მე-11(3)(არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს.

„კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან არა უგვიანეს, 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს.

2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დაასრულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.