საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ 3 კანდიდატს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს, ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძესა და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.

საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანდიდატები, რომლებსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მნიშვნელოვნად გააძლიერებენ ეროვნული ბანკის საბჭოს მუშაობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხს.

„სამივე კანდიდატი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი სხვადასხვა მიმართულებით. სამივემ იცის ფინანსები სხვადასხვა პროფილით და მნიშვნელოვნად გააძლიერებენ ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, პირველ რიგში, ეროვნული ბანკის საბჭომ. ჩვენ ამას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საპარლამენტო ზედამხედველობით და ასევე, იმის ხშირი გამეორებით, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ყოველთვის იყოს შენარჩუნებული და რამდენადაც შესაძლებელია, მაღალ დონეზე. გარდა ამისა, საზოგადოებაში არის მოსაზრებები, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა არის პენსიაზე გასვლა. ჩემი აზრით, თქვენ ამ წესებში არ უნდა ჩაჯდეთ, ის ადამიანები ბრძანდებით, ვინც მნიშვნელოვანი სტიმული და იმპულსი უნდა მისცეთ ეროვნული ბანკის საბჭოს და ახალი ენერგიით უნდა აღავსოთ, რომ საბჭო გახდეს კიდევ უფრო მეტად ქმედითი და კიდევ უფრო ბევრი უკეთესი საქმეები გააკეთოს საფინანსო სექტორში სტაბილურობისთვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, მონეტარული სტაბილურობისთვის. მე მივიჩნევ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო თქვენი ჩართულობით მნიშვნელოვნად გაძლიერდება,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.