Levi Strauss-ის შემოსავალი გაორმაგდა

კომპანია Levi Strauss-მა წლიური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დიდ მოგებას ელოდება. კომპანიამ პროგნოზი მას შემდეგ გააუმჯობესა, რაც მოგების კვარტალური მონაცემები იოლად გადალახა.

მიმდინარე ფინანსურ წელს კომპანია თითო აქციაზე 1,29-დან 1,33 დოლარის მოგებას პროგნოზირებს, რაც მანამდე პროგნოზირებად 1,15 დოლარზე მეტია. ამასთან, Levi Strauss წლის მეორე ნახევარში 2019 წლის დონეზე მეტ შემოსავალს მოელის.

30 მაისს დასრულებულ მეორე კვარტალში კომპანიის სუფთა შემოსავალი გაორმაგდა და 1,28 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს ფინანსური კვლევების კომპანია Refinitiv-ის პროგნოზზე მეტია, რომელიც 1,21 მლრდ დოლარის შემოსავალს ვარაუდობდა. მოსალოდნელი 9 ცენტის ნაცვლად, Levi-მ თითო აქციაზე 23 ცენტი გამოიმუშავა.

ციფრული არხებით კომპანიის შემოსავალი 75%-ით გაიზარდა, რადგან კომპანია კარის ზღურბლამდე პროდუქციის მიტანის სერვისზე ფოკუსირებდა. Levi-ში აცხადებენ, რომ ციფრულ ბიზნესს კიდევ უფრო გააუმჯობესებს სადისტრიბუციო ცენტრებსა და ისეთ პროგრამაში ინვესტირებით, რომელიც მომხმარებლებს მაღაზიებში ონლაინ შეკვეთების საშუალებას მისცემს.

Reuters-ის შეფასებით, Levi Strauss-ის ჯინსის შარვლებზე, ქურთუკებსა და ტოპებზე მოთხოვნა მოლოდინზე მეტად სწრაფად გაიზარდა. გაფართოებულ ვაჭრობაზე Levi-ის აქციებმა 3%-ით მოიმატა. კომპანიამ, ასევე, მესამე კვარტლის დივიდენდები 33%-ით გაზარდა.

„კოვიდპანდემიის მრავალთვიანი იზოლაციის შემდეგ, მყიდველები თავიანთ გარდერობს აახლებენ და თავისუფალ ჯინსებსა და ქუჩის ტანსაცმელს ეტანებიან როგორც Levi-ის, ისე მის პარტნიორ American Eagle-ისა და Abercrombie & Fitch-ის მაღაზიებში,“ - წერს Reuters.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჩარლზ ბერგი აცხადებს, რომ აშშ-ს მოსახლეობის 33%-ს წელის ზომა შეეცვალა.

„ზოგმა დაიკლო, ზოგმა მოიმატა და ეს ყველა შემთხვევაში იმის მიზეზი ხდება, რომ ხალხი გარეთ გამოდის და გარდერობს აახლებს,“ - აცხადებს ბერგი.

Levi მოგებას უამრავ ბრენდთან თანამშრომლობიდანაც იღებს. მათ შორისაა Valentino. გარდა ამისა, მეტად მომგებიანი აღმოჩნდა პირდაპირი მიყიდვების მიმართულების გამოკვეთაც, რამაც ხელი შეუწყო მეორე კვარტალში კომპანიის მთლიანი მოგების მარჟის 670 საბაზისო პუნქტით, 58,2%-ით გაზრდას. მოგების ზრდა, ასევე, განაპირობა კომპანიის სარეკლამო კამპანიის შემცირებამ, ფასების ზრდამ და დანაზოგების გაკეთებამ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ