"ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით - უპასუხისმგებლობა იქნება დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ჯადოსნურად გამოსწორდება"

ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით, ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის - უპასუხისმგებლობა იქნება რომ დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ჯადოსნურად გამოსწორდება, მაგრამ გპირდებით, რომ ტყუილი არ იქნება და ჩვენ გვერდით ყოველთვის იქნება სუფთა, კეთილსინდისიერი ხალხი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა, სადაც პარტიის ოფისი გახსნა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს უპირველესად წესრიგი სჭირდება და ქვეყანაში ერთმანეთის ლანძღვა-გინება და გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები უნდა დასრულდეს.

„მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჩვენ ვხსნით ფოთში ჩვენი პარტიის - „საქართველოსთვის“ პირველ ოფისს. ფოთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველში, ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, გვჭირდება წესრიგი - ეს ქაოსი უნდა დამთავრდეს - ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყოველდღიური გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები, ქუჩაში სიარული და ბევრი რამ.

ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. ფოთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და უნდა ჰქონდეს. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ფოთის განვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამას ბევრი შრომა დასჭირდა, რომ პორტის გაფართოების შეთანხმება როგორღაც მიღწეულიყო, მე იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა, იმიტომ, რომ ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, იმიტომ, რომ ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ. ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, ბევრი რამაა გასაკეთებელი. პირველი რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით - ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი რეგიონის და ფოთის მომავლისთვის, ვიშრომოთ - ეს ერთი, მეორე ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები, უნდა დასრულდეს ეს კორუფციული საკითხები და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს. ახალგაზრდები და კიდევ ერთხელ ახალგაზრდები! ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის, ლანძღვა-გინების გარეშე, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქმიანად, ყოველდღიური შრომით. ჯერ უნდა გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს უნდა შევუსრულოთ ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ. მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ, ამ ქალაქშიც და ამ ქვეყანაშიც მე არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის. ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი რაც ახლა გასაკეთებელია - უნდა ვიშრომოთ - ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გაგვიკეთებია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის ფასი, იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ამას გავაკეთებთ და ამას ვაჩვენებთ ყველას, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ქვეყანას, შენს რეგიონს, შენს ქალაქს კეთილსინდისიერად ისე, რომ შენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილი და მათი ჩართულობაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყოს მაღალი. ეს არის ის, როგორც ჩვენ ამ ქვეყნის მომავალს ვუყურებთ და ეს არის როგორც ჩვენ ვაპირებთ შრომას ფოთის, სამეგრელოს, საქართველოს განვითარებისთვის. მადლობა, რომ აქ ხართ და იცოდეთ, რომ, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ვიღაცამ ან მე დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ასე ჯადოსნურად გამოსწორდება, მაგრამ ერთ რამეს დაგპირდებით, რომ ტყუილი არ იქნება და ჩვენ გვერდით ყოველთვის იქნება სუფთა, კეთილსინდისიერი, მშრომელი ხალხი - ამას დაგპირდებით“,- განაცხადა გახარიამ.