„ეს იყო ძალიან ცუდი გადამღერება“ - გახარიას გუნდის შეფასება მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკის 10-წლიანი გეგმაზე

„რაზეც ჩვენ ვმუშაობდით, ითვალისწინებდა 3 -5-წლიან პერიოდს. ეს იყო პოსტ-პანდემიური ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის პირდაპირი ამოცანა იყო, როგორ ვუშველოთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს, მოქალაქეების შემოსავლებს სწრაფად“,- ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა, წინა გუნდის მიერ შემუშავებულის ცუდი გადამღერებაა.

„ეს იყო ძალიან ცუდი გადამღერება. პირველ რიგში, ამ ღონისძიებების დანიშნულებაა არასწორი, რადგანაც ეს მთავრობამ წარმოგვიდგინა როგორც 10-წლიანი ეკონომიკის განვითარების გეგმა. სინამდვილეში, რა გეგმაც იქ დახვდა, როდესაც მივიდა ახალი პრემიერი და რაზეც ჩვენ ვმუშაობდით, ითვალისწინებდა 3 -5-წლიან პერიოდს. ეს იყო პოსტ-პანდემიური ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის პირდაპირი ამოცანა იყო როგორ ვუშველოთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს სწრაფად. რატომღაც მათ გამოტოვეს ამ გეგმის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც არის გადასახდების შემცირების კომპონენტი, საშემოსავლო თუ მოგების გადასახდის ნაწილში. გამოტოვეს ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიც არის ინვესტიციების, მსხვილი ინვესტორების მოზიდვა.

მე ვფიქრობ, პროგრამა არასწორად კი არ გადაწერეს, არამედ ისე, რომელიც პირდაპირ ორიენტირებული იქნებოდა ელექტორალურ საჭიროებებზე პარტიისთვის და არა რეალური ეკონომიკური გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოყენებაზე“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ნინი ქეთელაური