„წლიურმა ინფლაციამ შემდეგი თვეებიდან უნდა დაიწყოს შემცირება“ - როდის დაუბრუნდება ქვეყანა სამიზნე ნიშნულს

„წლიურმა ინფლაციამ შემდეგი თვეებიდან უნდა დაიწყოს შემცირება“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რადიო "პალიტრისა" და „პალტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა სამიზნე ნიშნულს სავარაუდოდ, უკვე 2022 წლიდან დაუბრუნდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 8,5, - 9% შეიძლება იყოს ინფლაციის დონე, წლის ბოლოს. ანუ, შემდეგი თვეებიდან უნდა დაიწყოს წლიურმა ინფლაციამ შემცირება და შემდეგ ავარდნა იქნება დეკემბერში, საბაზრო ეფექტის გამო. შემდეგ წელს უკვე რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ კურსი აღარ გაუფასურდება (ამის გვჯერა სხვადასხვა მიზეზით), ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე 2022 წელს დაუბრუნდება სიტუაცია სამიზნე ნიშნულს.

რა თქმა უნდა, აქ რისკები არის და ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ წელს ძალიან მასშტაბური გადატვირთვა გვაქვს. ანუ, აღდგენა ძალიან სწრაფია. ეს უკლებლივ ყველა ბიზნესს და შიდამეურნეობას არ შეეხო, თუმცა მთლიანობაში ძალინ სწრაფი აღგენა გვაქვს და აქ ბიზნესების მიერ მარჟების და ხელფასების ზრდაა, რაც კარგია. თუმცა, ეს ასევე დამატებით ზეწოლას შექმნის ინფლაციაზე. მოკლედ, საბოლოო სცენარით ვფიქრობთ, რომ წლიური ინფლაციის შემცირება შემდეგი თვეებიდან დაიწყება“,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ნინი ქეთელაური