„შირაქის“ შემდეგ მუშაობას დროებით „მწვანე რანჩოც“ აჩერებს - რატომ იხურება საქართველოში რძის მწარმოებელი ფერმები

საქართველოში ნედლი რძის წარმოებას დროებით აჩერებს ფერმა „მწვანე რანჩო“, „შირაქი“ კი არარენტაბელობის გამო საქონელს ყიდის. ფერმების მფლობელები ამბობენ, რომ დარგი წამგებიანია და აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება.

ფერმა ,,მწვანე რანჩოს“ მფლობელი, ზურა რამაზაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია, რათა დარგი გადარჩეს, გახდეს მომგებიანი და მიმზიდველი.

,,ახლა ჩვენი ფერმა მარტივი მიზეზითაა გაჩერებული, მიმდინარეობს საქონლის ჩანაცვლება. შეკვეთა უკვე განხორციელებული გვაქვს ჰოლანდიაში და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე კვლავ დავუბრუნდებით რძის წარმოებას.

მე არ ვიცი, რამდენად ეფექტურია გადამუშავების დარგი, მაგრამ რაც შეეხება ნედლი რძის წარმოებას, შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო სუბსიდირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა იმ მოცულობაზე, რომელიც გაიყიდება საწარმოებზე, სადაც ის პროდუქტად გადამუშავდება. ვგულისხმობ არა კერძო გაყიდვებს, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა რძით რძის პროდუქტის წარმოება მოხდება. სახელმწიფოს ჩარევა ახლა სექტორისათვის აუცილებელია, რათა სექტორი გახდეს მომგებიანი და მიმზიდველი ამ ტიპის ფერმერული მეურნეობა.

თითქმის დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმა, „შირაქიც“. ფერმის მფლობელი ნიკოლოზ ბენიანიძეც სახელმწიფოს მხრიდან სექტორისათვის შეღავათების აუცილებლობაზე საუბრობს.

,,მსოფლიო პრაქტიკაც ასეთია, რომ მესაქონლეობაში ყველაზე რთული დარგია მერძეული მიმართულება. სწორედ ამიტომ, ევროპასა და ამერიკაში ამ კუთხით სახელმწიფოს დახმარება დიდია.

ეს იმისთვის კეთდება, რომ მოსახლეობას, მომავალ თაობას ხელი მიუწვდებოდეს ნედლ და საღ რძეზე. ჩვენ სახელმწიფოსგან ვითხოვეთ სესხების გადავადება, საკვების სუბსიდირება ან რძე-მჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება, მაგრამ არცერთი ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მე რა ფასშიც ვყიდი რძეს, იმით საკვები არ მომდის. მევენახეობა და მეღვინეობა მაქვს, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმო. მარცვლეული კულტურებიც მაქვს ძალიან დიდ ფართობზე. ამ ყველაფრიდან აღებული ფული, თითქმის 8 მილიონი ლარი, სრულად მესაქონლეობაში ჩავდე, თუმცა არსებული პრობლემების გამო მაინც წაგებაზე ვმუშაობ. ის დანარჩენი ბიზნესებიც დავაზარალე. ახლა იძულებული ვარ, რომ საქონელი გავყიდო და მხოლოდ 25 სული დავიტოვო, ისიც დოტაციაზე. წარმოიდგინეთ, რა რთულია 9 წელი აკეთო საქმე, ფერმა 400 სულამდე გაზარდო და ახლა დავიწყე დახურვა... ნახევარი უკვე გავყიდე, მარტივი მიზეზის გამო, დარგი არ არის მომგებიანი“, - აცხადებს ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ,,შირაქის“ დამფუძნებელი.

თამარ მუკბანიანი