84 621 ლარის შემოსავალი პანდემიურ წელს - მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი ანაზღაურება აქვს

სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს. ამ ჩინოვნიკების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ პერიოდულად წერს ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი მიიღო გასულ, პანდემიურ 2020 წელს შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დირექტორმა ტარიელ ხარჩილავამ. კერძოდ, ამ პოსტზე მისმა შემოსავალმა წინა წელს 84 621 ლარი შეადგინა. მაშინ როცა, პრემიერის შემოსავალი ამავე პერიოდში 41 004 ლარი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, ხარჩილავა ფლობს ბინას თბილისში და მიწის ნაკვეთს განმუხურში, რომელიც 2020 წელს 45 500 ლარად აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 5 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა გასავალმა სესხის დაფარვის შედეგად წლიურად 17 322 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.

ცნობისთვის, დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში შპს „ბლექ სი არენა“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.