„15 წელია 30-მდე ოჯახი ვერ გამომიყვანია პირადი საკუთრებიდან - ეს კანონი არ არის მისაღები“ - ბიზნესი სამშენებლო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე

„ეს კანონი არ არის მისაღები, ბევრ უაზრო პრობლემას შექმნის,“ - ასე შეაფასა "ბაუსტარის" დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები.

საუბარია, ცვლილებათა პროექტზე, რომლითაც შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება. კერძოდ, ამ ცვლილებებით დაუშვებელი იქნება მოქალაქეების შეყვანა ისეთ შენობაში/კორპუსში, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს მიერ ექსპლუატაციაში მიღებული. ამასთან, აიკრძალება, ელექტროენერგიისა და გაზის შეყვანა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობა-ნაგებობებში.

„ვფიქრობ რომ ეს კანონი არ არის მისაღები. მე მაქვს 1 ობიექტი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ჩემი ნებართვის გარეშე შეიყვანეს ყველანაირი კომუნიკაცია და ვერ გამომყავს იქიდან. 15 წელია 30-მდე ოჯახი ვერ გამომიყვანია პირადი საკუთრებიდან. მივა აღსრულების წარმომადგენელი, რომ გამოასახლოს, მაგრამ გული წაუვა, სასწრაფოს გამოიძახებს და ავადმყოფი ადამიანი ვერ გამოყავს კორპუსიდან.

ამ კანონის მიღების შემდეგ, შეიძლება მშენებელმა ვეღარ გაყიდოს ფართები და ადამიანები თვითნებურად შევიდნენ და დაიწყონ ცხოვრება კორპუსში. შედეგად იქნება პრობლემები, როდესაც ადამიანები გამოსასახლებელი გახდებიან. ეს არის საფრთხე, რაც შეიძლება შეექმნას სექტორს ამ ცვლილებების შედეგად. წარმოიდგინეთ, ავაშენე კორპუსი, დამიჯდა 10 მილიონი, მაგრამ შეიჭრა ადამიანთა ჯგუფი და ნახევარი კორპუსი დაიკავა თვითნებურად, რა უნდა ვქნათ, რომელი ინვესტორი მოვა საქმის გასაკეთებლად, როცა იცის, რომ ეს არის მოსალოდნელი.

ვფიქრობ ამ კანონის მიღება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს და ალბათ, ვინმეს პირადი ინტერესი იყო. ეს არის დამღუპველი მშენებლობისთვის და სახელმწიფოსთვის. ბევრ უაზრო პრობლემას შექმნის,“-აღნიშნა სოლომნიშვილმა.

თაია არდოტელი