ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა დასრულდა

„აირჩიე ქართულის“ ორგანიზებით, „გუდვილის“ დიღმის ჰიპერმარკეტში ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა დასრულდა.

მომხმარებელს 2 დღის განმავლობაში ქართული პროდუქციის სპეციალურ ფასად შეძენის შესაძლებლობა მიეცა. გამოფენას პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

გამოფენის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ქართული პროდუქციისადმი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი იზრდება, შესაბამისად, იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი და რაოდენობაც.

„აირჩიე ქართული“ უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მეხუთედ გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო აგრარული და ხალხური რეწვის პროდუქცია – თაფლი, ჩაი, ნატურალური წვენები, ღვინო და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, საკონსერვო პროდუქცია, მურაბები, ჯემები, ტკბილეული, სნექები. გამოფენაში მონაწილება მიიღეს ასევე კოოპერატივებმა, რომლებიც გამოფენაზე ქართული ბოსტნეულით და სხვადასხვა ხილით იყვნენ წარმოდგენილი.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მცირე რეგიონალური საწარმოების მხარდაჭერაა. ღონისძიება რიგით მეხუთეა და წელიწადში ორჯერ – აღდგომის და ახალი წლის წინა კვირებში იმართება. ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების მართვის სააგენტო და ევროკავშირის პროგრამა „ენპარდი“. „აირჩიე ქართულის“ სავაჭრო ნიშნით საქართველოში რამდენიმე პროდუქტი, ნატურალური წვენები „ლივო’’, თაფლი „მაჭახელას დათუნია“, ჩაი „ელიტა“ და „მარადიდი“ იწარმოება.