მსოფლიოს ყველაზე „ძვირად ღირებული“ მწვერვალები - რა ღირს პლანეტის ყველაზე მაღალი წერტილების დაპყრობა?

მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალების დაპყრობა ალბათ, არაერთი ადამიანის ოცნებაა. როგორც აღმოჩნდა ფიზიკური მონაცემებისა და სპეციალური მომზადების გარდა, ცნობილ მწვერვალებზე ასვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

გამოცემა Euronews გვთავაზობს პლანეტის ყველაზე „ძვირდ ღირებული“ მწვერვალების სიას. როგორც სტატიაშია ნათქვამი, გადასახადი მოიცავს მთამსვლელთა სპეციალურ ჯგუფში ჩასმას, ინსტრუქციების გავლას, სრულ აღჭურვილობასა და გამოცდილ ალპინისტებთან ერთად გადაადგილებას.

გთავაზობთ სიას:

მატერჰორნი, შვეიცარია

მატერჰორნი, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 4 478 მეტრია, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვერვალია. მისი დაპყრობა 6 924 ევრო ღირს.

აკონკაგუა, არგენტინა

აკონკაგუას სიმაღლე თითქმის 7 000 მეტრია და მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მწვერვალად ითვლება, სადაც უამრავი მთამსვლელი დაღუპულა. ამ ექსტრემალური ტურის ღირებულება 7 078 ევრო დაგიჯდებათ.

აიგერი, შვეიცარია

აიგერი კიდევ ერთი მწვერვალია შვეიცარიიდან. 3 967-მეტრიან მწვერვალზე ასვლა 7 135 ევრო ღირს.

მერა, ნეპალი

მერას მწვერვალი ნეპალში ჩასული ალპინისტების ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა, რისთვისაც მათ 7 587 ევროს გადახდა უწევთ.

სან-ლორენცო, არგენტინა

სან-ლორენცოს მწვერვალი არგენტინისა და ჩილეს საზღვართან ახლოს მდებარეობს. მასზე ასვლა 7 768 ევრო ღირს.

დენალი, აშშ

დენალი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი მწვერვალია. ადრე მას მაკკილნის მწერვალი ეწოდებოდა, თუმცა ახლახანს ადგილობრივი ინდიელების საპატივცემულოდ დენალი უწოდეს. მასზე ასვლა 10 187 ევრო ღირს.

პუნქაკ აია, ინდონეზია

პუნქაკ აია ინდონეზიის უმაღლესი მწვერვალია და მასზე ასვლა 23 136 ევრო ღირს.

ჩო ოიუ, ტიბეტი

ჩო ოიუ პლანეტის მე-6 ყველაზე მაღალი მწვერვალია. აქ ძალიან ხშირია ზვავები და მთამსვლელთა ფატალური შემთხვევები. მიუხედავად ამისა, მისი დაპყრობა მაინც უამრავ ადამიანს სურს, რისთვისაც 28 420 ევროს იხდიან.

ვინსონის მთა, ანტარქტიდა

ვინსონის მთა, პლანეტის ყველაზე უკაცრიელ კონტინენტზე, ანტარქტიდაზე მდებარეობს. მთაზე ასვლა 39 317 ევრო ღირს, რაც ანტარქტიდამდე ჩასვლასაც მოიცავს.

ევერესტი, ნეპალი

და ბოლოს, ალბათ, არცაა გასაკვირი, რომ დედამიწის უმაღლესი წერტილის დაპყრობა ყველაზე ძვირი სიამოვნებაა. ევერესტზე ასვლა 70 921 ევრო ღირს. ცნობისთვის, ევროკავშირში საშუალო წლიური შემოსავალი 20 000 ევროა. ანუ ევერესტის დასაპყრობად საჭირო თანხა ევროკავშირის მოქალაქეებს 3,5 წლის ხელფასს უტოლდება.

ბექა ბერიაშვილი