რა პრობლემების წინაშე დგას ქართული ტყავის წარმოება

შემორჩა თუ არა საქართველოში ნამდვილი ტყავის წარმოება? თუ ეს საქმეც ისევე გაჰყვა დროს, როგორც სხვა საქმიანობა, რომლებიც დაკავშირებული იყო ნატურალურ პროდუქციასთან. ტყავის პროდუქციის ძებნაში ორთაჭალის ტყავის ფაბრიკა აღმოვაჩინე, რომელმაც ნამდვილად გამაოცა: არ ვიჯერებდი, რომ ნამდვილ ტყავის წარმოებასთან მქონდა საქმე. მეტიც, თუ ძველი­ საწარმო დროს გადაურჩებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურმე ფაბრიკა ამ საქმის მცოდნეებმა გადაარჩინეს. საწარმოს ტყავის ცნობილი სპეციალისტის, ზურაბ მჟავანაძის შთამომავლები უძღვებიან.

ზურაბ მჟავანაძე: - ნატურალური ტყავის პროდუქციისა და მისი წარმოების ტრადიციების შენარჩუნება ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი, მით უფრო სისტემის ნგრევის წლებში, როდესაც უსახსრობის გამო ხარისხიან საქონელზე უარის თქმა მოგვიხდა. მაშინ თან ძნელად მოსაპოვებელი პროდუქციის მომწოდებელი უნდა შეგვენარჩუნებინა, თან ტყავის წარმოება გაგვეგრძელებინა, რაც ძალიან გაგვიჭირდა. სწორედ ამ დროს მუშაობდა ფაბრიკაში ბაბუაჩემი, რომელმაც დიდი ძალისხმევა შეალია ამ წარმოების შენარჩუნებას. შემდეგ მისი დაწყებული საქმე მამაჩემმა გააგრძელა. ახლა კი მათ ნაცვლად მე გესაუბრებით.

ტყავზე მოთხოვნა მუდამ იყო და იქნება,­ თან არც მომწოდებელი დაგვიკარგავს, მარნეულიდან და ახალქალაქიდან ისევ ვეზიდებით ჩვენი კლიენტებისგან დაკლული პირუტყვის ტყავს და ვამუშავებთ. მომწოდებლები, ძირითადად, მარნეულის და ახალქალაქის მოსახლეობაა. ტყავის ხარისხში მოტყუება დაუშვებელია. მარნეულსა და ახალქალაქში სწორედ იმიტომ ვყიდულობთ პროდუქციას, რომ ტყავი იქ დაუზიანებელია, ტერიტორიაზე ძეძვი და ჯაგნარი იშვიათია და პირუტყვს კანი არ უზიანდება.­ დაზიანებული ტყავის დეფექტს ვერაფერი აქრობს. ასე რომ, მომწოდებლების მადლიერი ვართ. კვირაში დაახლოებით 4 ტონა საქონლის ტყავს ვიღებთ. თვეში 12 ტონა ტყავს ფაბრიკა 2 კვირის განმავლობაში ამუშავებს, აშრობს, ათხელებს და ღებავს. თუმცა ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ნახევარი გამოდის ხარისხიანი. რასაკვირველია, შედარებით უხარისხო ტყავსაც ჰყავს კლიენტი - მაგალითად, საცეკვაო ჩუსტებს კერავენ. მაღალი სტანდარტის არ არის, მაგრამ თავის დანიშნულებას ასრულებს. თბილისში ტყავის 4 მცირე საწარმოა. ჩვენი სწორედ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ ჩვენ მხოლოდ ტყავს ვყიდით და არა მის პროდუქციას.

რომ არა პანდემია, იქნებ გვეყიდა ტყავის დამათხელებელი თანამედროვე დანადგარები, რომლებიც დაახლოებით 51.000 დოლარი ღირს და რომლის უქონლობა ძალიან გვაყოვნებს. ჩვენ კი ამას ვერ ვბედავთ, არ ვიცით, შევძლებთ თუ არა მთელი დატვირთვით მუშაობას. თუმცა არც სხვანაირად გამოდის, ხარისხზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში უფრო გაიზრდება.

- ნატურალური ტყავის პროდუქცია ახლაც ძვირია.

- როცა სოციალური ქსელსა თუ ბაზრობებზე ვაკვირდები ჩვენი ფაბრიკის ტყავისგან დამზადებულ ნაწარმს, ნამდვილად არ ადევს ის ფასი, რაც ამ მძიმე საქმეს შეესაბამება. რამდენიმე ჩვენმა კომპანიამ დიდი გაჭირვებით მოახერხა ჩვენი ნაწარმის უცხოეთში გატანა, სადაც საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მაგალითად, თუ ამერიკაში ჩვენი ნაწარმის საფულე 400 დოლარად გაიყიდა, საქართველოს ბაზარზე ამ საფულეში ჩვენს დიზაინერს 100 ლარი შესთავა­ზეს. გულდასაწყვეტია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართული ტყავის წარმოება ვითარდება.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 12 ივლისის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად