„კაპიტალიზმი კონკურენციის გარეშე ექსპლუატაციაა“ - ჯო ბაიდენმა ანტიმონოპოლიურ ბრძანებულებას მოაწერა ხელი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ფართომასშტაბიან ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომელიც ამერიკის ეკონომიკაში კონკურენციის გაძლიერების ხელშეწყობას ეხება. სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიურ სექტორებში ანტიმონოპოლიურ სააგენტოებს ანტიკონკურენტული პრაქტიკის წინააღმდეგ ზომების გატარება დაევალათ.

„ვეღარ მოვითმენთ და დავასრულებთ მონოპოლიის ბოროტად გამოყენებას. დასრულდა წარუმატებელი შერწყმის პროცესები, რომლებიც სამსახურიდან მასიურ დათხოვნებს იწვევენ, დასრულდა მეტად მაღალი ფასები და ნაკლები შესაძლებლობები მუშახელისა და მომხმარებლებისთვის... კაპიტალიზმი კონკურენციის გარეშე კაპიტალიზმი კი არა, ექსპლუატაციაა,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ახალი საწარმოების შექმნის ტემპი 50%-ით შემცირდა, რადგან მსხვილი საწარმოები კარგი იდეების მქონე ამერიკელების ბაზარზე შემოსვლას ხელს უშლიან. ბაიდენის პროექტი 72 ინიციატივას შეიცავს, რომლებიც კორპორატიული მონოპოლიის წინააღმდეგ არის მიმართული და მისი თქმით, ფედერალურ სააგენტოებზე უფრო ეფექტიანად იმოქმედებენ. მაგალითად, ინტერნეტ-კონტრაქტების გაწყვეტაზე მაღალი გადასახად აღარ დაწესდება, სმენის აპარატები რეცეპტის გარეშე გაიყიდება, მილიონობით მუშახელისთვის საკონკურსო პირობები გაიოლდება, გაუქმდება პროფესიონალური ლინეზირებისთვის საჭირო ბევრი მოთხოვნა, გამარტივდება ერთი ბანკიდან მეორეში კლიენტის გადსვლისა და ტრანზაქციების გადატანის პროცედურა, დაწესდება ე.წ. ქსელური ნეიტრალიტეტი, რომელიც კომპანიისგან ყველა ინტერნეტ-სერვისთან თანაბარ დამოკიდებულებას მოითხოვს და სხვ.

რაც შეეხება სარეცეპტო მედიკამენტებს, ბაიდენის ინიციატივით, კანადიდან, სადაც ასეთი წამლები იაფია, იმპორტი გაიზრდება და შესაბამისად, ფასებიც დაიკლებს. ამასთან, ჯანდაცვის დეპარტამენტს მედიკამენტებზე მაღალ ფასებთან ბრძოლის გეგმის შედგენა დაევალა.

თეთრი სახლის საინფორმაციო ბიულეტენში მოყვანილია გავლენიანი ანტიმონოპოლიური ჯგუფის, American Economic Liberties Project-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კონკურენციის არარსებობის გამო დაწესებული შრომის დაბალი ანაზღაურება საშუალო ამერიკულ ოჯახს წელიწადში 5000 დოლარი უჯდება.

ანტიმონოპოლიური ბრძანებულება იუსტიციის სამინისტროსა და ვაჭრობის ფედერალურ კომისიას (FTC) ავალდებულებს, დეტალურად გადაამოწმონ კომპანიათა შერწყმის პროცესები და არსებული დახურული ხელშეკრულებები გაასაჩივრონ. FTC-მა უნდა დააწესოს კონკურენციის წესები ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, როგორიცაა Facebook, Apple, Alphabet Google და Amazon და მათ „მომაკვდინებელი შესყიდვები“ უნდა აეკრძალოთ, როცა მსხვილი ინტერნეტ-პლატფორმები პოტენციურ კონკურენტებს ყიდულობენ.

ბრძანებულება, ასევე, ითვალისწინებს თეთრ სახლში კონკურენციის საბჭოს შექმნას, რომელსაც ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი უხელმძღვანელებს და მასში მთავრობის ცალკეული დეპარტემნტების მდივნები შევლენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ