ირაკლი ღარიბაშვილი - ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან - ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი უმოკლეს ვადებში

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში ჩართული იქნება საერთაშორისო ექსპერტი, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„რა თქმა უნდა, მე მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს, მის კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს, გუშინვე ჩაატარა, ძალიან ოპერატიულად, შესაბამისი სამუშაოები.

ამის გარდა, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა, თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით, პროცესში, ასევე, ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში იმისთვის, რომ არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.