გაჭედილი-ბალდის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილი-ბალდის გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. რეაბილიტაცია გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის კიუვეტები (გვერდულები), ლითონის მილხიდები, გაბიონები, ასევე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა.

"ათეული წლის განმავლობაში, მარტვილის მოსახლეობას მამათა მონასტრამდე მისასვლელი 5-კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა უგზოობის პირობებში უწევდა. მონასტრის გარდა, აღნიშნული გზა ორი სოფლის მოსახლეობას: გაჭედილისა და ბალდის მცხოვრებლებს ერთმანეთთან და მარტვილის ცენტრთან დააკავშირებს. არსებული გზით ყოველდღიურად 2000-მდე ადამიანი ისარგებლებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. ამ გზის გარდა, ასევე იგეგმება ბალდა-სალხინოს გზის რეაბილიტაციაც, რომლითაც 4000-დან 5000-მდე ადამიანი ისარგებლებს", - აცხადებენ სამინისტროში.