კახეთი, აჭარა და ახლა უკვე რაჭა - რა აინტერესებთ და რომელ რეგიონებს სტუმრობენ უცხოელი ტურისტები გასტრონომიული მიზნით

ტრადიციული ბაზრების გარდა, საქართველოში გასტრონომიული ტურიზმისადმი ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ განუცხადა, მათ შორისაა აშშ, საფრანგეთი და უკრაინა.

„ბოლო პერიოდში გასტრო-ტურიზმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. ვინც ჩამოდის, თითქმის ყველა იჩენს დიდ ინტერესს. თან, სეგმენტიც შეცვლილია პანდემიის პირობებში და მეტად, ინდივიდუალური ტურებით ჩამოდიან. მათი მიზანია არა მხოლოდ ღირსშესანიშანაობების მონახულება, არამედ გასტრო კულტურის გაცნობაც.

2019 წელს რომ შევადაროთ, უკრაინა გააქტიურდა ძალიან. არა მხოლოდ კიევიდან, ლვოვიდანაც, საიდანაც უკვე პირდაპირი ფრენაა. აქტივობაა საფრანგეთიდან და აშშ-დანაც, ასევე აზიის ქვეყნებიდან ტრადიციულ ბაზრებთან ერთად.

კახეთი და აჭარა გასტრო-ტურიზმში უდავოდ ლიდერობენ. ბოლო დროს ინტერესი გაიზარდა რაჭის მიმართ. დიდ ინტერესს გამოხატავენ რაჭული ღვინის, საკვების შეხამების და გემოების მიმართ. ალბათ, გარკვეულწილად ამაზე შქმერულის იაპონურ ბაზარზე გასვლამ და პოპულარობამაც იმუშავა. აბსოლუტურად ყველა რეგიონში აინტერესებთ ყველის კულტურა, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია“, - განაცხადა კვიჭიძემ.

მისი თქმით, გასტრო-ტურიზმის მიმართ ინტერესი ქვეყნის შიგნითაც იზრდება, თუმცა ნაკლებ პოპულარობას, მოსახლეოების მსყიდველუნარიანობა განაპირობებს.

,,ჩვენი დიდი ძალისხმევაა, რომ ადგილობრივ დონეზეც შიდა გასტრონომიული ტურიზმი განვითარდეს, მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესი ასპექტი ფასია. ქართველი ტურსტები ნაკლებ მსყიდველუნარიენები არიან და ის მინიმალური ფასიც კი, რაც ტურები ღირს, ხშირად ეძვირებათ. გასტრო-ტურიზმი, ისედაც შედარებით ძვირია, ვიდრე მხოლოდ ძეგლების მონახულება და ეს ალბათ, არის მთავარი წინაღობა, რატომაც არ ვითარდება შიდა ტურიზმი მაღალი ტემპით.

ასევე, ადგილობრივი ტურისტებისათვის, ხშირად არის პრობლემა სერვისი და ინფრასტრუქტურა. ჩვენ, ტურებს ძირითადად მცირე მარნებში და ოჯახებში ვაწყობთ, სადაც საპირფარეშო სახლიდან მოშორებით დგას და ა.შ. ეს ქართველი მომხმარებლისათვის პრობლემაა და აპროტესტებენ. მაშინ, როცა უცხოელებისათვის ეგზოტიკაა და არასოდეს დაუჩივლიათ ამაზე. მათი ძირითადი აქცენტი, იმ ძალდაუტანებელ და აუთენტურ სტუმარ-მასპინძლობის კულტურაზეა, რაც ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს“, - ამბობს კვიჭიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი