Nord Stream 2-ის მშენებლობა ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება

გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა გერმანიაში ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. ამის შესახებ გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის ხელმძღვანელმა, მათიას ვარნიგმა გერმანულ ბიზნეს-გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აგვისტოს ბოლოსთვის ველოდებით,“ - აცხადებს ვარნიგი.

მისი თქმით, მილსადენის მშენებლობა 98%-ით დასრულებულია და ექსპლუატაციაში წელს მიიღებენ.

ამასთან, მენეჯერი აღიარებს, რომ კომპანია წყალბადის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის გამოყენების შესაძლებლობასაც სწავლობს.

„სავსებით შესაძლებელია, რომ არაუგვიანეს ათი წლისა, ჩვენ შევძლოთ წყალბადის დამატება ერთ ან ორივე ხაზზე და ასე მოვახდინოთ მისი ტრანსპორტირება,“ - აცხადებს მათიას ვარნიგი.

Nord Stream 2 გაზსადენის საერთო სიგრძე 1,2 ათასი კილომეტრია. ის ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთიდან გაზის მიწოდებას გერმანიაში, იქიდან კი სხვა ევროპულ ქვეყნებში უზრუნველყოფს. Nord Stream 2-​​ის დასასრულებლად დანიისა და გერმანიის წყლებში რამდენიმე ათეული კილომეტრის მილია გასაყვანი.

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და უკრაინა Nord Stream 2-ის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები არიან. გაზსადენის დასრულების წინააღმდეგია შეერთებული შტატებიც. კერძოდ, თეთრმა სახლმა პროექტში მონაწილე გემებსა და კომპანიებზე სანქციები დააწესა. ამასთან, მაისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, სანქციები არ დაეკისრებინა ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის გენერალურ დირექტორ მათიას ვარნიგზე, რადგან ამას შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებით ხსნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ