პოტენციური ინვესტორები ამჯობინებენ დაელოდონ მოვლენების განვითარებას, ხოლო უცხოელები კიდევ უფრო დაფრთხებიან - რამაზ გერლიანი

„პოტენციური ინვესტორები ამჯობინებენ დაელოდონ მოვლენების განვითარებას და იყვნენ დაკვირვების რეჟიმში, ხოლო უცხოელები კიდევ უფრო დაფრთხებიან“, - ამის შესახებ ეკონომიკური „ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა“ რამაზ გერლიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, დიდია იმის ალბათობაც, რომ ქვეყნების შესაბამისმა სტრუქტურებმა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავება ურჩიონ.

„მიმდინარე პროცესები რა საკვირველია, ნეგატიურად აისახება როგორც უცხოელ ინვესტორებზე, ისე ადგილობრივზე. მიუხედავად იმისა, რომ გათვითცნობიერებული აქვთ ყველაფერი, მათ ეკონომიკურ აქტივობაზე მაინც უარყოფითად იმოქმედებს. იმიტომ, რომ ასეთ დროს, როგორც წესი, ბიზნესი და პოტენციური ინვესტორები ამჯობინებენ დაელოდონ მოვლენების განვითარებას და იყვნენ დაკვირვების რეჟიმში, ხოლო უცხოელები კიდევ უფრო დაფრთხებიან. შორიდან რა საკვირველია, კიდევ უფრო ცუდად ჩანს პროცესები. ამ შემთხვევაში საუბარია, ჟურნალისტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ ქვეყანაში. რაც ახლა ხდება, უკვე ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე.

რაც შეეხება ტურისტებს, რა თქმა უნდა, მათ შემოდინებაზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენს. იმიტომ, რომ როდესაც ასეთ ტიპის დამოკიდებულებაა, კერძოდ, რიგ შემთხვევაში გარეგნობის მიხედვით ხდება ადამიანის განსჯა, ლოგიკურია, რომ ამ მიმართულებით ტურისტები დაფიქრდებიან. დღეს, ინფორმაციულ სამყაროში, როდესაც ყველაფერი სწრაფად ვრცელდება, რა თქმა უნდა, ისინიც ინფორმირებული იქნებიან და შესაძლოა, მათმა ოფიციალურმა სტრუქტურებმაც მისცენ რეკომენდაცია, რომ მოცემულ მომენტში თავი შეიკავონ ქვეყანაში ვიზიტისგან“,- განაცხადა რამაზ გერლიანმა.

ნინი ქეთელაური