Ryanair-ი მსხვილმასშტაბიან დასაქმების კამპანიას იწყებს და პერსონალის 2 000 მფრინავით გაზრდას გეგმავს

ევროპულ ავიაკომპანიებს შორის Ryanair Holdings პირველია, რომელიც პერსონალის მიღების უმსხვილეს კამპანიას იწყებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია მომდევნო 3 წელიწადში 2000 მფრინავის დამატებას გეგმავს.

„ავიაკომპანიას ბაზარზე პანდემიით დასუსტებული კონკურენტების წილის ათვისება სურს,“ - წერს სააგენტო Bloomberg.

Ryanair-ს, რომელიც ევროპის უმსხვილესი და დაბალფასიანი გადამყვანია, მფრინავები ახალი Boeing 737 Max-ის თვითმფრინავებისთვის სჭირდება, რომლის შეძენაც წინა თვეს დაიწყო. წელს ავიაკომპანიის ახალი თანამშრომლები ტრენინგს გაივლიან, რომ მომავალი ზაფხულისთვის ეკიპაჟები უკვე მზად იყვნენ.

„ირლანდიური ავიაკომპანია გათვლას იმაზე აკეთებს, რომ წელს პლიაჟებზე იზოლაციისგან გადაღლილი მოგზაურები სულ უფრო მეტად ჩნდებიან და ამიტომ გამტარიანობის რესუსრსს ზრდის,“ - წერს Bloomberg-ი.

მისი მონაცემებით, Ryanair-მა 210 ერთეული Boeing 737 Max შეუკვეთა. ავიაკომპანია თანამშრომლებს ზრდის, რადგან გერმანული Lufthansa, ფრანგული Air France-KLM და პორტუგალიური TAP სამუშაო ადგილებს ამცირებენ.

„მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებმა ამ თვეში მოგზაურებისთვის გახსნა დაიწყეს, დიდი ბრიტანეთი თავისი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც სარისკო სიის ქვეყნებიდან შინ ბრუნდებიან, აუცილებელ კარანტინს 19 ივლისიდან გააუქმებს. გასულ წელს, პანდემიის პიკზე Ryanair მფრინავებისა და ბორტგამცილებელთა პროფკავშირს შეუთანხმდა, რომ სახელფასო ანაზღაურებას შეამცირებდა, რათა 3000 სამუშაო ადგილი შეენარჩუნებინა,“ - წერს Bloomberg-ი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ