თბილისის მერიაში საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

თბილისის მერიაში საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანიამ შეხვედრას წინამოსამზადებელი შეხვედრა უწოდა და აღნიშნა, რომ საცობების პრობლემის მოსაგვარებლად შესაქმნელ ჯგუფში შევლენ მერიის, საკრებულოს, ეკონომიკის სამინისტროს, შს სამინისტროს, ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე საექსპერტო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისივე თქმით, ყველა მხარე ჩართული იქნება, რათა საკითხის შესახებ შეჯერდნენ და ჩამოაყალიბონ ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს დედაქალაქში, დაიგეგმოს, სამომავლო პერსპექტივები და მოხდეს ქალაქის საცობებისაგან განტვირთვა.

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ იგი ორი კვირის წინ დუბლინში იმყოფებოდა და იქაურ მოდელს გაეცნო, რომელიც მოძრაობის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული. თბილისის მერის თქმით, შესაძლოა ექსპერტები დუბლინიდან მოიწვიონ და მათ გააცნონ მერიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და ერთობლივად განსაზღვრონ, რა იქნება უკეთესი თბილისისათვის საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნარმანიას შეფასებით, საკითხი დღეისთვის ძალიან აქტუალურია, მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე ამ პრობლემასთან დაკავშირებით სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. მისივე თქმით, მერია შეეცადა რამდენიმე მიმართულებით დაეწყო მუშაობა საცობების აღმოფხვრის მიზნით. ეს ძირითადად უკავშირდება საგზაო პროექტებს, კერძო გზის საფარის მოწესრიგებას. მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის გაფართოება.

შეხვედრას ესწრებიან თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, შს სამინისტროს, საკრებულოს წარმომადგენლები და არქიტექტორები. შეხვედრა ამჟამად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.