ევროზონის ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზი გაუმჯობესდა

სააგენტო Reuters-ის მიერ გამოკითხული 100 ეკონომისტიდან 70% მიიჩნევს, რომ წელს ევროზონის ეკონომიკა, საშუალოდ, 4,5%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი - 4,3%-ით. ეს მეტია გასული თვის პროგნოზებთან შედარებით, რომლის მიხედვითაც ეკონომისტები ორივე წელს 4,2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. სააგენტომ გამოკითხვა 5-12 ივლისის პერიოდში ჩაატარა.

თუმცა ეკონომიტების პროგნოზის ახალი მაჩვენებლები ევროკომისიის ოპტიმისტურ პროგნოზზე დაბალია. ევროკომისია მოელის, რომ წელს ევროზონის ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი - 4,5%-ით. ეს მეტია ევროკომისიის მაისის პროგნოზის მაჩვენებლებზეც, რომლის მიხედვითაც კომისია მოელოდა, რომ ეკონომიკა წელს 4,3%-ით, მომავალ წელს კი 4,4%-ით გაიზრდებოდა.

რაც შეეხება კვარტალურ ზრდას, თუ ივნისში ეკონომისტები მე-3 კვარტალში ეკონომიკურ ზრდას 2,3%-ით, მე-4 კვარტალში კი 1,2%-ით პროგნოზირებდნენ, ბოლო გამოკითხვით, ეს მოლოდინებიც გაზრდილია: მე-3 კვარტალში 2,4%-ით გაიზრდება, მე-4-ში კი - 1,3%-ით.

აპრილის გამოკითხვასთან შედარებით, გაზრდილია ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზიც დასახელებული 3 ქვეყნისთვის: გერმანიისთვის - 3,5%-ით მაშინ, როცა აპრილში 3,2%-იან წლიურ ზრდას ვარაუდობდნენ, საფრანგეთისთვის წინა 5,4%-იან ზრდასთან შედარებით, 5,75%-ით და იტალიისთვის წინა 4,1%-თან შედარებით, 4,8%-იან წლიურ ზრდას მოელიან.

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ვალუტის ბლოკში ინფლაციის ზრდას ვარაუდობდნენ, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალოდ გადააჭარბებს, ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ წელს ინფლაცია საშუალოდ, 1,9%-ს შეადგენს, შემდეგ წელს კი იკლებს და 1,4%-მდე დაიწევს.

გამოკითხულ ეკონომისტთა 90%, ანუ 60-დან 53 რესპონდენტი აცხადებს, რომ COVID-19-ის ახალი ვარიანტები წელს ევროზონის ყველაზე დიდი რისკია, დანარჩენი 7 ეკონომისტი კი მთავარ რისკად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას მიიჩნევს. რისკებს შორის მაღალ ინფლაციას არავინ ასახელებს.

„COVID-19 ყველაზე დიდ ამოუცნობ რისკად რჩება და ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდა არსებითად შენელდება, თუკი კორონავირუსი კვლავ არ გაძლიერდა. მართალია, წელს ინფლაციაც მაღალი იქნება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს დროებითი ფაქტორია და მას ევროპის ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს,“ - აცხადებს Rabobank-ის მაკროსტრატეგიის ანალიტიკოსი ბას ვან გეფენი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ