ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია მერიას 490,8 ათასი ლარით ნაკლები დაუჯდება - ვინ ჩაატარებს სამშენებლო სამუშაოებს

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიას შესყიდვის სავარაუდო თანხაზე 490,8 ათასი ლარით ნაკლები დაუჯდება. კერძოდ, თუ ტენდერის გამოცხადებისას შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 090 839 ლარი იყო, გამარჯვებული კომპანია გზის რეაბილიტაციას 5 600 010 ლარად ჩაატარებს.

გზის შეკეთების სამუშაოების დაფინანსება 2021–2022 წლების თბილისის ბიუჯეტიდან მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი სამჯერ გამოცხადდა. წინა ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა, თუმცა როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვა არ შედგა. რაც შეეხება პირველ ტენდერს, ის ჯერ კიდევ გასულ წელს, მარტში გამოცხადდა. მაშინ ტენდერში კომპანია „ენსისიმ“ გაიმარჯვა. დაიდო ხელშეკრულებაც, თუმცა, მოგვიანებით მერიამ ის ცალმხრივად შეწყვიტა - მიზეზად კი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. ბოლო ტენდერი კი ივნისის ბოლოს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებული კი შპს „დინ გრუპი“ გახდა, სწორედ მან შესთავაზა სატენდერო კომისიას ყველაზე დაბალი თანხა - 5 600 010 ლარი.

შპს „დინ გრუპი“ 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. „დინ გრუპის“ 75%-იან წილს ნიკოლოზ ეპიტაშვილი, 25%-იანს კი ვახტანგ ამაშუკელი ფლობენ. აღსანიშნავია, რომ კომპანია შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია.