საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google 500 მლნ ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კორპორაცია Google 500 მლნ ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანოს განცხადებას Agence France-Presse ავრცელებს.

„მარეგულირებელმა უწყებამ ამერიკული კომპანია რამდენიმე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დააჯარიმა, რომელიც მას 2020 წლის აპრილში დაეკისრა. კომპანია იმის გამო დაჯარიმდა, რომ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, მოლაპარაკებები ჰქონოდა ბეჭდურ მედიასთან და მათი კონტენტის დადგენილი წესებით გამოყენებაზე უარი თქვა.“

„როცა მარეგულირებელი მითითებას იძლევა, ის სკურპულოზურად უნდა შესრულდეს. ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა,“ - განაცხადა საფრანგეთის ანტიმონოპოლიური უწყების ხელმძღვანელმა, იზაბელ დე სილვამ.

გასული წლის აპრილში ევროკავშირმა მხარი დაუჭირა დირექტივას, რომელიც ინტერენტში კონტენტის განთავსებაზე საავტორო უფლებების დაცვის მიზნით კანონდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამავდროულად, დირექტივა აფართოვებს მედიის უფლებებს და მათი მასალების გამოყენებისთვის ფულადი პრემიის მიღების საშუალებას აძლევს. ამასთან, საიტები სტატიებსა და მედიის სხვა მასალებზე მისამართულ ბმულებს, ანუ ლინკებს თავისუფლად განათავსებენ.

კოკა კვირკველია