ჯო ბაიდენს მოხუცების მოსავლელად 10 წლის ვადით 400 მლრდ დოლარის გამოყოფა სურს

აშშ-ს ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საშინაო მოვლისთვის 400 მლრდ დოლარის გამოყოფაზე საჭირო მხარდაჭერას ჯერ კოლეგა დემოკრატებისგანაც ვერ მიაღწია. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკა ამას აუცილებლად საჭიროებს, რათა დასაქმებულმა ქალებმა სახლში ახლობლების მოვლას თავიანთი სამსახური ადვილად შეუთავსონ.

თავად ჯინა რაიმონდო 90 წლის დედის მზრუნველობისთვის ყოველდღიურ ხარჯს იხდის. ვაჭრობის მდივანი აცხადებს, რომ თუ ფედერალური დახმარება არ გაიზრდება, ამერიკის დაბერებული დემოგრაფიისგან ქვეყნისთვის მიყენებული დარტყმა „ტონა აგურის“ დაცემის ტოლფასი იქნება. მდივნის თქმით, არსებული სისტემა არასტაბილური და დაუცველია.

„უმოქმედობა ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს, რადგან მილიონობით ქალს, რომელიც კოვიდპანდემიის დროს სახლში დარჩა, სკოლიდან დათხოვილი ბავშვებისა და მშობლების ერთდროულად მოვლის გამო, სამსახურში გასვლა ან სამსახურის შენარჩუნება გაუძნელდება,“ - აცხადებს რაიმონდო.

ბოლო აღწერის მონაცემებით, აშშ-ს 328-მილიონიანი მოსახლეობის 16,5%, ანუ 54 მლნ ადამიანი 65 წელზე მეტი ასაკისაა. 2030 წლისთვის ეს რაოდენობა 74 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო კიდევ უფრო სწრაფად იზრდება 85 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოვლა-მზრუნველობას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

მარტში ჯო ბაიდენი გამოვიდა ინიციატივით დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის 10 წლის ვადით ფედერალური სამედიცინო პროგრამა Medicaid-ის 400 მლრდ დოლარამდე გაზრდის შესახებ. დახმარება მოხუცებსა და შშმ პირებზე შინაურ მოვლა-მზურველობისა და მომვლელი პირებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის ხარჯებს ითვალისწინებს. ჯინა რაიმონდოს თქმით, პრეზიდენტს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.

ვაჭრობის მდივანი აცხადებს, რომ 1,5 მლნ ქალი, რომელსაც პანდემიის დროს დახურული სკოლების გამო შინ ბავშვების, მოხუცებისა და შშმ ნათესავების მოვლა უწევს, სამსახურს დღემდე ვერ უბრუნდება.

„ჩვენ უფლება არ გვაქვს, ჩვენი მუშახელის ნახევარი ანუ ქალები შინ დავაკავოთ და სამსახურებში არ დავაბრუნოთ, რადგან მათ ოჯახის წევრების მოვლა-მზრუნველობაზე ხარისხიანი ალტერნატივა არ გააჩნიათ,“ - აცხადებს რაიმონდო. მისი თქმით, არსებული სისტემით ქალები ნათესავებს უფასოდ უვლიან ან ძირითადად, ფერადკანიან ქალებს დაბალი ანაზღაურებით ქირაობენ.

„ამ ქალებისთვის ხელფასის გაზრდა ჩვენი ეკონომიკისთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა, ხოლო თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს დიდი მუხრუჭი იქნება. ეს კრიზისია და პრეზიდენტს ისივე, როგორც დემოკრატების უმრავლესობას, მისი მოგვარება სურს,“ - აცხადებს ვაჭრობის მდივანი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ