რატომ სთხოვს სებ-ი კომერციულ ბანკებს მსესხებლების მონაცემებს

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრს ქმნის. როგორც სებ-ის ბრძანებაშია აღნიშნული, ყველა კომერციულ ბანკი ვალდებულია საკრედიტო რეესტრის მონაწილე გახდეს, ხოლო სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს ნებაყოფლობითი იქნება.

აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, რეესტრის მონაწილეები ვალდებული არიან ეროვნულ ბანკს ყოველ თვე მიაწოდონ კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კლიენტის ბოლოს განახლებული ინფორმაცია, შემოსავლები, საკრედიტო ვალდებულების დეტალები და აშ.

როგორც საბანკო ასოციაციის იურისტმა იოსებ ქურდაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, დოკუმენტის მიზანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გააკეთოს რისკების ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანალიზი, განახორციელოს სესხების დინამიკის მონიტორინგი და ა.შ.

თუმცა, საბანკო ასოციაცია, კომერციული ბანკების მხრიდან პერსონალური ინფორმაციის გაცემაში, გარკვეულ რისკებს ხედავს.

„თვითონ დოკუმენტი, ეროვნული ბანკის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებშია გამოცემული და ძირითადად საზედამხედველო მიზნის შესრულებას ისახავს. ე. ი კონსოლიდირებას გარკვეული ინფორმაციის. ამ ინფორმაციის რაღაც ნაწილი ისედაც მიდის „კრედიტ ინფოში“, თუმცა ინფორმაცია, რომელიც ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს, ცოტა უფრო ფართოა.

ამ დოკუმენტის მიზანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გააკეთოს რისკების ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანალიზი, განახორციელოს სესხების დინამიკის მონიტორინგი, სტრეს ტესტების ჩატარების მიზნით, თუნდაც ბანკებში, შეაგროვოს ეს ინფორმაცია და თავადაც მოახდინოს ინფორმაციის წარდგენა სავალუტო ფონდისთვის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ჩვენი კუთხით, რასაც პრობლემურს ვხედავდით, დოკუმენტის განხილვის დროს, პირველი არის ის, რომ ინფორმაცია მასშტაბურია, მათ შორის კლიენტების პერსონალურ მონაცემებზეა საუბარი. დოკუმენტს ვინც გაეცნობა, ნახავს, და ეროვნული ბანკი იქვე აღნიშნავს, რომ მაქსიმალური სიფრთხილით მოხდება ამ ინფორმაციის დამუშავება და მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის იქნება მათი დამუშავება გათვალისწინებული. თუმცა, პერსონალური ინფორმაციის ამ ტიპის და ამ ფორმით გადაცემა, მათ შორის ეროვნული ბანკისთვის, ვფიქრობდით, რომ მიუღებელი იყო. სწორად რომ გვესმოდეს, სებ-ს ბანკები ისედაც, ნებისმიერ დროს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ინდივიდუალურად გადასცემენ ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურს, სესხზე და აშ.

ჩვენ აქ ვხედავდით საფრთხეებს და ამის შესახებ არაერთხელ მივანიშნეთ ეროვნულ ბანკს. მათთან კომუნიკაციის დროსაც გავაკეთეთ ამაზე მითითება. სიმართლე რომ გითხრათ, დღემდე ვხედავთ და არ ვართ ბედნიერი ამ ტიპის დოკუმენტით“,- აღნიშნა იოსებ ქურდაძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად რა რისკებზეა საუბარი? - საბანკო ასოციაციის იურისტმა უპასუხა - „აქ ორი მთავარი მომენტია, პირველი, ვთვლით, რომ პერსონალური მონაცემების ამ ტიპის გადაცემა, თვითონ ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე (ანუ, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ მოახდინოს გარკვეული ანალიზი, საკრედიტო რისკების შეფასება და ა შ), ვერ ვხვდებით, რა საჭიროა. შესაძლოა, კონკრეტულ სესხებზე ყოფილიყო მხოლოდ ინფორმაცია გადაცემული და არა მსესხებლების თაობაზე.

მეორე - ამ ანგარიშგების საფუძველზე უნდა დაიხარჯოს გარკვეული რესურსი, ფინანსები და ა.შ. პანდემიის პერიოდში ვართ, ბანკებს ისედაც გართულებული აქვთ სამუშაო რეჟიმი და ახლა დამატებით შემოგვაქვს კიდევ ერთი ანგარიშგება, რომლის განხორციელებაც არ მიგვაჩნია ისეთ მნიშვნელოვნად, რომ ახლა კიდევ დაგვმატებოდა რაღაც ვალდებულებები“,- განაცხადა იოსებ ქურდაძემ.

ნინი ქეთელაური