Made in China მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს სწრაფად იბრუნებს

CNN-ის ცნობით, ჩინური პროდუქციის გლობალური გაყიდვები სწრაფად იზრდება. კოვიდპანდემიისგან გამოჯანმრთელების რეჟიმში მყოფ მსოფლიოში Made in China-ს პროდუქცია კვლავ სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

„ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას აღდგენის საფრთხეებზე დამაიმედებელ სიგნალს აძლევს,“ - იუწყება CNN, რომელსაც ჩინეთის საბაჟოს მონაცემები მოყავს.

გასულ თვეს ჩინეთის ექსპორტმა 281 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით მეტია. თებერვლიდან მოყოლებული, ეს ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია და სააგენტო Reuters-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 23%-იან ზრდას ბევრად აღემატება. გაყიდვების პიკი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელსაც კი აღემატება, ვიდრე კოვიდპანდემია გაჩნდებოდა. ამ პერიოდთან შედარებითაც, გასული თვის ექსპორტი, ანალოგიურად, 32%-ით მეტია.

ჩინეთის მთავარი საბაჟო სამმართველოს წარმომადგენელმა, ლი კუივენმა CNN-ს განუცხადა, რომ განსაკუთრებით მაღალი იყო ექსპორტი აშშ-სა და ლათინურ ამერიკაში. გაიზარდა იმპორტიც, რომელმაც 230 მლრდ დოლარს მიაღწია და გასული წლის ივნისთან შედარებით, 37%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი 40%-ზე მეტად გაიზარდა. ლი კუივენის შეფასებით, იმპორტის ღირებულების ზრდა მსოფლიო პროდუქციაზე ფასების ზრდამ განაპირობა.

ჩინეთის ვაჭრობის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, აზიის აქციებმა მოიმატა: ჰონგკონგის Hang Seng-ის ინდექსმა 1,6%-ით მოიმატა. ჩინური Shanghai Composite-ის ინდექსმა - 0,5%-ით, იაპონურმა Nikkei 225-ის ინდექსმა 0,5%-ით, სამხრეთ კორეის Kospi-ის ინდექსმა კი 0,8%-ით მოიმატა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ