ტურისტულ ნაკადზე მიმდინარე მოვლენების რეალურ ასახვას შემოდგომაზე ვიგრძნობთ - ტურიზმის კვლევის ცენტრი

5 ივლისის შემდეგ, ქვეყნაში მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო ტალღა უკვე აისახა ტურისტულ სექტორზე.

ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე გიორგაძე აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია ტურისტების შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდენს.

„ჩემს მაგალითზე და მხოლოდ ჩემს ირგვლივ, 20-მდე ტურის ჯავშანია უკვე გაუქმებული და ეს იმ ფონზე, როცა ისედაც არ გვყავდა ტურისტები. თუმცა, ყველაზე ცუდი, მაინც სხვა რამაა და ამ აქცენტს რატომღაც ჯერ არავინ სვამს - ეს მოვლენები ტურიზმს დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლა, ახალი ჯავშნების არმიღება უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე არსებულის გაუქმება.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვეყნების ნაწილი ტურისტებისთვის ჯერ ისევ დახურულია და ამიტომ, ვინც უკვე ჩამოსულია ან ვინც უახლოეს მომავალში გეგმავს, შეიძლება, რომ არც გადადოს სტუმრობა, თუმცა მოგეხსენებათ, დასვენებას სხვა ქვეყანაში ადამიანები, რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავთ. ასე რომ ის, რაც ახლა ხდება, შემოდგომის ნაკადებზე აისახება.

რამდენიმე საერთაშორისო ტურისტულ გვერდზე, უკვე შემხვდა მიმები, სადაც თუ სამოგზაუროდ საქართველოს აირჩევ, გადახაზულია - საყურე, ფერადი თმა, მოკლე კაბა და ა.შ. მთავარია, ახლა ეს თუნდაც იუმორისტულად არ აგვიგორდეს და ირანად არ აღგვიქვან. ამისთვის სახელმწიფოს დიდი მუშაობა მართებს საინფორმაციო კამპანიის კუთხით. როცა ქვეყნას ირჩევ სამოგზაუროდ, მნიშვნელოვნია ფიზიკური და ჯანდაცვის კუთხით დაცულობის გრძნობა. რაც სამწუხაროდ, დღეს ქვეყნაში არ არის“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.

მისივე თქმით, ბოლო 10 დღის გარდა, უსერიოზულესი გამოწვევაა კოვიდ ინფიცირების მზარდი რიცხვი: „მეთორმეტე ვართ დადებითობის მაჩვენებლით და ყველაზე მეტად, ეს გვხევს უკან“, - აცხადებს გიორგაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი