აშშ-ში ნუშის მოსავლის შემცირებამ შესაძლოა, ქართული ნუშის ექსპორტი გაზარდოს

წლევანდელ სეზონზე აშშ-ში მკვეთრად შემცირებულ ნუშის მოსავალს ელოდებიან, რაც პორტალ EastFruit-ის პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ხელსაყრელ პირობებს უქმნის ნუშის ბიზნესის ახალბედა საქართველოს.

თუმცა პორტალი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსა და მთლიანად, კავკასიის რეგიონში ნუშის ხარისხიანი მოსავალი და მისი გადამუშავების კულტურა ჯერ კიდევ არ არსებობს.

EastFruit-ის მონაცემებით, კალიფორნიის შტატი ნუშის მოსავლის მხრივ მსოფლიო ლიდერია და ნუშის გლობალურ მომარაგებაში მისი წილი, თითქმის, 80%-ია. ამ შტატის მოსავალი მაღალი ხარისხის ნუშის თხილით გამოირჩევა. შტატის ინდუსტრიას საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ჰქონდა ნუშის მოსავლის მიღებასთან დაკავშირებით, რასაც რეკორდულ 2019-20 სეზონურ წელთან შედარებით, 3%-ით მეტს მოელოდნენ.

თუმცა ნუშის მწარმოებელთა საბჭომ გუშინ გამოაქვეყნა ე.წ. ობიექტური გაზომვის ანგარიში (objective measurement report), რომლის თანახმად, შეერთებულ შტატებში ნუშის წარმოება, გასულ წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდება და 1,27 მლნ ტონა იქნება. ეს ცვლილებები, ძირითადად, განპირობებულია, წინა სეზონთან შედარებით, მოსავლიანობის 18%-ით შემცირებით, რაც კალიფორნიაში წყლის მწვავე უკმარისობას უკავშირდება. ანგარიში მომზადდა შერჩევითი საველე გამოკვლევების საფუძველზე, რომელიც 26 მაისიდან 30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და 914 ბაღში 1,828 ხე იქნა შერჩეული.

აშშ-ს გვალვის ეროვნული კომპლექსური საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ბოლო 127 წლის განმავლობაში წლევანდელი მაისი ყველაზე მშრალი იყო. გვალვა ყველაზე მეტად კალიფორნიას დაატყდა თავს, რომელიც აშშ-ში ბოსტნეულის მესამედზე მეტს და ხილის ორ-მესამედს აწარმოებს. კალიფორნიის მეორე მშრალ ზამთართან ერთად, მაღალმა ტემპერატურამ შექმნა პირობები, როცა შტატის მიწის ფართობის 85%-ზე მეტი "ექსტრემალური" და "განსაკუთრებული" გვალვის ზონაში მოექცა. ამ ბოლო კატეგორიაში, რომელიც შტატის მესამედზე მეტ ტერიტორიას შეეხო, იგულისხმება მოსავლისა და საძოვრების დაკარგვა, ასევე, წყალსაცავებში, წყაროებსა და ჭებში წყლის ნაკლებობა, რაც საგანგებო სიტუაციას ქმნის.

ზოგიერთი ფერმერი წყლისადმი მგრძნობიარე კულტურებზე უკვე უარს ამბობს და მთელ ბაღებს ანადგურებს. ძირითადად, ეს ნუშის ძველ ბაღებს ეხება ან ბაღებს, რომლებიც დაბალი ეფექტიანობით გამოირჩევიან. მართალია, ახალი ბაღები განაყოფიერებას იწყებენ, მაგრამ 2016 წლის შემდეგ, კალიფორნიაში ნუშის ახალი პლანტაციების მოშენების მაჩვენებელი წელიწადში, საშუალოდ, 2 ათასი ჰექტრით შემცირდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი განახევრდა.

„წლევანდელ სეზონზე კალიფორნიაში ნუშის მოსავლის შემცირება გლობალურ ფასებზე უპირობოდ იმოქმედებს,“ - წერს EastFruit. პორტალის მონაცემებით, გასულ სეზონზე 1 კგ ნუშის ფასი, თითქმის, 4 დოლარამდე დაეცა, რადგან აშშ-ში მოსავალმა 22%-ით მოიმატა.

EastFruit არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში ხარისხიან ნუშზე მოთხოვნა გაიზარდოს. ბლოკის წევრი ქვეყნების ბაზარი კალიფორნიის ექსპორტის, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენს. Unión de Uniones-ის მონაცემებით, ესპანეთში, სადაც შეერთებული შტატებიდან ყოველწლიურად ნუშის 10% შედის, წარმოება გასულ სეზონთან შედარებით, 20%-ით შემცირდება. მიზეზად გაზაფხულის უამინდობა, აგრეთვე, მოსავლის დაბალი ხარისხი და გასული სეზონის ფიტოსანიტარული პრობლემები სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ნუშის წარმოების ძირითად შემცირებას კასტილია-ლა მანჩას, არაგონის, კატალონიის, ბალეარის კუნძულებისა და ვალენსიას მშრალ მიწებზე პროგნოზირებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ