არბიტრაჟის მომსახურების საფასური მცირდება

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლებსაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

ამის შესახებ ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემა ”ბიზნესკონტაქტში” ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული სასამართლოს მაგივრად სააპელაციო სასამართლო განახორციელებს. კანონპროექტით, მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილი არბიტრაჟიც გამოიყენონ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებებით ასევე შემცირდება არბიტრაჟის მომსახურების საფასური: ”შემცირდება ბაჟი და სადავო ღირებულების სამი პროცენტის ნაცვლად, იქნება ფიქსირებული თანხა 150 ლარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც არ მიმართავდნენ მხარეები არბიტრაჟს, იყო ისიც, რომ არბიტრაჟისთვის ცალკე საფასურის გადახდა უწევდათ და სასამართლოში კიდევ ცალკე, დავის საგნის ღირებულების 3 %-ის ოდენობით”,- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.