ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან და იმ წესების დაუცველობასთან, რაც ჯერჯერობით არსებობს

ქვეყანაში, სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, გაუარესებულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ძირითადი მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია.

„ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, გაუარესებულია: ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, დღეს 1663 ახალი შემთხვევა გვაქვს. დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი აცდა უკვე 4%-იან თამასას. ერთადერთი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, გარკვეულ დღეებში არის ერთნიშნა, დღეს კი სამწუხაროდ, 13 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესება შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება.

„ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია შემსუბუქებებთან და იმ წესების დაუცველობასთან, რაც ჯერჯერობით არსებობს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას და მოვუწოდებ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ. სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდებით, ნიღაბს უკვე დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. დაუშვებელია ეს, ნიღაბი გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის საშუალება ვაქცინასთან ერთად. ნიღაბი დახურულ სივრცეში აუცილებლად და სადაც 5 ადამიანზე მეტი ვიკრიბებით, აუცილებელია ნიღბის ტარება. მეორე, აუცილებელია დისტანცია დავიცვათ. მესამე, დეზინფექცია, მივეჩვიეთ ამას და ხელებს ხშირად ვიბანთ და კარგია. მაგრამ მთავარი, მეოთხე, თავი ავარიდოთ ყველანაირ თავყრილობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.