იტალიის მთავრობამ ვენეციაში საკრუიზო გემების შესვლა აკრძალა

იტალიის მთავრობამ გამოსცა განკარგულება ვენეციურ ლაგუნაში საკრუიზო გემების შესვლის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამით მთავრობამ წერტილი დაუსვა მრავალწლიან დავას და მოსახლეობის, ასევე, კულტურული ორგანიზაციების მოთხოვნები ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნებზე მაღლა დააყენა.

იტალიის მინისტრთა კაბინეტის წყარო Reuters-ს ატყობინებს, რომ მთავრობამ მოქმედება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც UNESCO იტალიას შავ სიაში ჩასმით დაემუქრა, რადგან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისკენ საკრუიზო ლაინერების შეცურვას არ კრძალავდა.

ბრძანებულება 1-ლი აგვისტოდან შევა ძალაში და 25 000 ტონაზე მეტი წონის გემებს შეეხება. მათ აეკრძალებათ მოძრაობა ჯუდეკას არხით, რომელიც ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობის გასწვრივ, სან მარკოს პიაცასთან გადის.

კულტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა, რომელიც Carnival Cruises-ისა და მსგავსი საკრუიზო კომპანიების ბიზნესზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამ ფირმებისთვის და მათი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

წლების განმავლობაში ვენეციის მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა მთავრობას, დიდი გემებისთვის ლაგუნის გადაკვეთა აეკრძალა, რადგან ისინი ეკოსისტემას აბინძურებენ და შენობების მდგრადობას ემუქრებიან. ეს პროტესტი საპორტო ხელისუფლებებისა და ტუროპერატორების ინტერესებს ეწინააღმდეგება. მათი არგუმენტით, ქალაქს საკრუიზო ინდუსტრია სჭირდება.

25 000-ტონიანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ ჯუდეკას არხით ცურვას მხოლოდ მცირე სამგზავრო ბორნები და სატვირთო გემები შეძლებენ, გარდა ყველა საკრუიზო გემისა, რომელთა წონაც, როგორც წესი, მინიმუმ, ოთხჯერ მეტია და 200 000 ტონას აღწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ