ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სექტორულ სანქციებს კიდევ 5 არაწევრი ქვეყანა შეუერთდა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაში წერია.
დოკუმენტის თანახმად, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და ნორვეგია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას შეუერთდნენ.
„ამ არაწევრი 5 ქვეყნის ეროვნული პოლიტიკა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისი იქნება. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას,“ - ნათქვამია დეკლარაციაში.
21 ივნისს საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებული 78 ადამიანისა და 8 კომპანიის ევროკავშირში შესვლის აკრძალვისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ. სიაში შედიან როგორც ბიზნესმენები, ასევე ლუკაშენკოს ოჯახის წევრები, რექტორები, პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და სამხედრო მაღალჩინოსნები.
24 ივნისს ევროკავშირის ქვეყნებმა, მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაფრენის გამო, ბელარუსის წინააღმდეგ სექტორული სანქციები დააწესეს, რაც კალიუმის ექსპორტს, ნავთობისა და ფინანსურ სექტორს შეეხება.
4 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ბლოკის წევრი ქვეყნების აეროპორტების გამოყენება აეკრძალათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ